,,რუსეთმა როცა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომი დაიწყო, საქართველოს გაუმართლა, რომ ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ იყო, ნებისმიერი სხვა ჯგუფი რომ ყოფილიყო, ომს დაიწყებდა” – შალვა პაპუაშვილი

,,ინფორმაცია, რომ უცხოური დონორი ორგანიზაციები და „ენჯეოები“ უკრაინაში მობილიზაციისგან თავისუფლდებიან იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში სხვადასხვა კრიტიკული საწარმოს, თუ ინფრასტრუქტურის მომსახურე პერსონალი არ არის გათავისუფლებული მობილიზაციისგან, ეს იქ გარკვეულ პრობლემებს ქმნის. ამიტომ, ქართველი ხალხი იხსენებს იმ სიტყვებს ბომბების წვიმასთან და შესაძლებლობების ფანჯარასთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილებით, უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლები მობილიზაციისგან გათავისუფლდნენ.

„ვნახე მეც ეს ინფორმაცია. მგონი, ყველა ქართველის პირველი რეაქცია იყო და გაგვახსენდა ყოფილი სახალხო დამცველის სიტყვები, რომ ბომბების წვიმა ურჩევნიათ მშვიდობას და საერთაშორისო გამჭვირვალობის ხელმძღვანელის განცხადება, რომ საქართველომ უნდა გამოიყენოს შესაძლებლობის ფანჯარა ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. რა იგულისხმებოდა ამის უკან, ესეც გასაგებია. როგორც ჩანს, ამ ადამიანებს იმედი ჰქონდათ, რომ აქ თუ რამე ატყდებოდა, ხოცვა-ჟლეტა, მათ საევაკუაციო თვითმფრინავებით გაიყვანდნენ ამ ქვეყნიდან, მიიღებდნენ ჯავშანს, რათა არ გაეწვიათ ჯარში. როგორც ჩანს, გარანტიებზე ფიქრობდნენ და ამ მხრივ, ძალიან მარტივად სწირავდნენ ჩვენს ქვეყანას ომისთვის.

ინფორმაცია, რაც გავრცელდა, რომ უცხოური დონორი ორგანიზაციები და „ენჯეოები“ თავისუფლდებიან იმ პირობებში, როდესაც თავად უკრაინაში სხვადასხვა კრიტიკული საწარმოს, თუ ინფრასტრუქტურის მომსახურე პერსონალი არ არის გათავისუფლებული მობილიზაციისგან, რა თქმა უნდა, ეს იქ გარკვეულ პრობლემებს ქმნის. ამიტომ, ქართველი ხალხი იხსენებს იმ სიტყვებს ბომბების წვიმასთან და შესაძლებლობების ფანჯარასთან დაკავშირებით.

როდესაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომი დაიწყო, საქართველოს გაუმართლა, რომ ამ ისტორიულ მომენტში „ქართული ოცნება“ იყო ხელისუფლებაში. ნებისმიერი სხვა ჯგუფი რომ ყოფილიყო მაშინ ხელისუფლებაში, ომს დაიწყებდნენ. ჰკითხეთ, დააწესებდნენ თუ არა სანქციებს, რა თქმა უნდა, დააწესებდნენ. იქნებოდა თუ არა ეს ესკალაცია – იქნებოდა. ესკალაციის სავარაუდო შედეგი იქნებოდა თუ არა სამხედრო კონფლიქტში შესვლა? რა თქმა უნდა, იქნებოდა. ეს არის ანი და ბანი. ეს ელემენტარული ცოდნაა.

დღეს რომ ჯგუფდებიან „ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა დანაყოფი და „ენჯეოების“ წარმომადგენლები, ისინი პარლამენტის შენობის წინ აქციებს ატარებდნენ მოთხოვნით, რომ გაგვეშვა მოხალისეები უკრაინაში საომრად და რეალურად ჩავრთულიყავით ომში, დაგვეწესებინა სანქციები რუსეთისთვის და ამით შევსულიყავით ესკალაციაში. ეს ადამიანები პირდაპირ მიგვათრევდნენ ომში. ამ გარანტიების მოლოდინში, შემდეგ ისინი არ მოხვდებოდნენ მობილიზაციაში ან საევაკუაციო თვიმფრინავებით გავიდოდნენ საქართველოდან.

ამიტომ, ეს არის სწორედ ის ცინიზმი, რომლითაც ახლა, ოპოზიციის ეს წარმომადგენლები და „ენჯეობი“, დღეს კიდევ ბედავენ, ქართულ პოლიტიკაში რჩებიან, არჩევნებში მონაწილეობას ბედავენ და ქართველ ხალხს საკუთარ კანდიდატურას სთავაზობენ. ამიტომ, 26 ოქტომბერი იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი, მაგრამ ამავე დროს, ყველაზე მარტივი არჩევანი. საბოლოოდ გაირკვა ის სიბნელე, რომელიც დგას ოპოზიციის მხარეს, საით გვექაჩებოდა ოპოზიცია ბოლო ორწელიწად-ნახევრის განმავლობაში, რაც მიმდინარეობს რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ. გვექაჩებოდნენ ომში, ესკალაციაში და ამ ხალხს საკადრის პასუხს გასცემს ქართველი ხალხი და ეტყვის, რომ არანაირ ომში ჩამთრევები ეგენი არ არიან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები