„ეს ძალადობა ტრენდის დასაწყისს ჰგავს და სახიფათოა  ქართველებისთვის“ – კელი დეგნანი თავდასხმებზე

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ბოლო პერიოდში მომხდარ თავდასხმებთან დაკავშირებით შეფასება გააკეთა და აღნიშნა, რომ მსგავში შემთხვევები საშიშია. საუბარია ოპოზიციისა  და მედიის წარმომადგენელზე თავდასხმის ფაქტზე.

„ძალადობა მიუღებელია. მერმა კალაძემ და ზოგიერთმა სხვამ აღნიშნეს, რომ ძალადობა მიუღებელია. პარტიის თავმჯდომარე [ირაკლი კობახიძე] ასეთ ბრალდებების გაკეთებას თუ აპირებს, ვფიქრობ, მინიმუმ უნდა აღნიშნოს მაინც ვისზე საუბრობს. თუ არა, მაშინ ეს მხოლოდ ჭორები და მეტი შეთქმულების თეორიებია, რომელთა შემოგდებაც საზოგადოების დასაბნევად ხდება. ეს ძალადობა ტრენდის დასაწყისს ჰგავს და ვფიქრობ, ეს ძალიან სახიფათო და უსიამოვნოა ქართველებისთვის, რომლებსაც წარსულში უნახავთ ასეთი კოორდინირებული ძალადობა“ – განაცხადა კელი დეგნანმა.

მისივე შეფასებით, პოლიტიკურმა ლიდერებმა მსგავსი ძალადობა უნდა დაგმონ.

„დადებითი იქნება, თუ ქართველი ლიდერები ყველა პოლიტიკური პარტიიდან ძალიან ნათელს გახდიან, რომ ძალადობა მიუღებელია და ამ თავდასხმებს ნათლად დაგმობენ. ასევე მნიშვნელოვანია იმ ხალხის დაპატიმრებასთან ერთად, რომლებიც თავიანთ სოციალურ ქსელებში აღიარებენ, რომ ძალადობა ჩაიდინეს, იყოს გამჭვირვალე გამოძიება და ბრალდებები. შედეგები უნდა არსებობდეს, რათა საზოგადოებამ დაინახოს, რომ ასეთი ფორმის ძალადობა მიუღებელია”, – განაცხადა დეგნანმა.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ  კონკრეტულმა ელჩმა ძალადობა წაახალისა.

 

მსგავსი თემები