პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტო „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტზე დაძლეულია.

პირველ ეტაპზე, კენჭი უყარეს პრეზიდენტის მიერ მოტივირებული შენიშვნებით დაბრუნებულ კანონპროექტს, რომელიც ჩავარდა.  მოტივირებული შენიშვნების ჩაგდების შემდეგ კენჭისყრაზე კანონპროექტის პირვანდელ რედაქცია დადგა, რომელსაც  მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირა.

მმართველი გუნდის ინიციატივით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით, რომელსაც სალომე ზურაბიშვილმა ხელი არ მოაწერა, ეროვნული ბანკის საბჭოში ახალი აღმასრულებელი თანამდებობის – პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი შემოდის. პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მისი მოვალეობის შემსრულებელი იქნება.

საქართველოს კონსტიტუციის 46-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მოტივირებული შენიშვნები დღეს, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ წარადგინა. მან პარლამენტის მიერ 9 თებერვალს მიღებულ „ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს კანონზე პრეზიდენტის მხრიდან დოკუმენტზე ხელის არ მოწერის მიზეზები განმარტა და აღნიშნა,  ეროვნული ბანკის საბჭოში ახალი აღმასრულებელი თანამდებობის – ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტის შემოღება მაშინ, როდესაც სამი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ისედაც არსებობს, აუცილებლობას არ საჭიროებდა.

მსგავსი თემები