„სუროგაციის და დონაციის შესახებ გადაწყვეტილება ადამიანმა უანგაროდ უნდა მიიღოს და კომერციული ინტერესი არ უნდა არსებობდეს “ – მინისტრის მოადგილე

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, ის სიახლეები, რაც სუროგაციის მიმართულებით საქართველოში დაინერგება, უანგარობასთან უნდა იყოს დაკავშირებული. მინისტრის თქმით, სოციალურ ქსელებში განცხადებები სურაგაციისთვის დასაქმების კუთხით რისკის შემცველია.

„მნიშვნელოვანია, რომ ის ახალი სიცოცხლე, რომელიც მედიცინის დახმარებით უნდა გაჩნდეს დაცული იყოს, როგორც მოქალაქეობრივი, ასევე ფიზიკური და სამართლებრივი თვალსაზრისით“,-აღნიშნულის შესახებ თამარ გაბუნიამ „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ახალი საკანონმდებლო ჩარჩო, უწყებას შესაძლებლობას მისცემს, არსებულ გამოწვევებს უპასუხოს. სფერო კი ევროკავშირის იმ სამართლებრივ აქტებთან იქნება შესაბამისობაში, რომელთა ჰარმონიზების ვალდებულება საქართველოს ასოცირების შეთანხმებით გააჩნია.

„ბოლო პერიოდში, როგორც საქართველოში, ასევე სხვა განვითარებულ ქვეყნებში მედიცინის დახმარებით რეპროდუქციამ უშვილობის მკურნალობის პროცესში ახალი შესაძლებლობები შექმნა.  მედიცინით დახმარებით რეპროდუქცია მრავალ ორგანიზაციულ და ეთიკურ საკითხს მოიცავს, შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩოს საშუალებით უნდა იყოს გადაწყვეტილი, ისე როგორც ეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ხდება.

სწორედ ამიტომ, მიგვაჩნია, რომ აუცილებელია, საკითხი საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდეს, რათა ვუპასუხოთ სფეროში არსებულ გამოწვევებს და ყველაფერი, ევროკავშირის სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობაში იქნება.  ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია ეთიკური ნაწილი, ის რომ სუროგაციის და დონაციის შესახებ გადაწყვეტილება ადამიანმა უანგაროდ მიიღოს. ეთიკური მხარის მოგვარება იმდენად რთულია, რომ მთელი რიგი ქვეყნები სუროგაციას სრულად კრძალავენ. ჩვენ შემთხვევაში ეს არ იკრძალება. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვქონდეს მეტი გარანტია, რათა ვიცოდეთ თუ რა მომავალი ექნება ბავშვს და შევქმნათ უსაფრთხო გარემო.

მაშინ როდესაც, ეს პრაქტიკა მთლიანად უანგარობის პრინციპს უნდა ემყარებოდეს , ჩვენ ყოველდღე რეკლამის სახით სოციალურ ქსელებში სხვადასხვა ტიპის შეთავაზებებს ვაწყდებით. ამას არქმევენ დასაქმებას. ეს ქმედებები არის რისკის შემცვლელი. კანონპროექტის მიხედვით, ბენეფიციარების ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფის მიზნით, ამ სფეროში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდება. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის უზრუნველყოფილი იყოს რეპროდუქციის პროცედურების უსაფრთხოება და ხარისხი. ეს არ უნდა იყოს კომერციული ინტერესი, თუმცა შეიძლება კომპენსაციის სახით მას აუნაზღაურდეს უხერხულობასთან დაკავშირებული ხარჯები. ეს მინისტრის ბრძანებით გაიწერება.

ძალიან ბევრი ადამიანისთვის ეს შემოსავლის წყაროა, რაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, თუმცა კომპენსაცია უხერხულობისთვის ამას ევროდირექტივა უშვებს და ჩვენ ამასთან დაკავშირებით ძალიან ფრთხილად ვიქნებით“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

„მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტი, ჯანდაცვის სამინისტრომ, ექსპერტებისა და სექტორის წარმომადგენლების ჩართულობით მოამზადა.

 

მსგავსი თემები