„კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ქართული პოლიტიკიდან უნდა განეიტრალდეს“ – ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გაცხადებით, ოპოზიცია „ნაციონალური მოძრაობისგან“  არაფრით განსხვავდება და ის პოლიტიკური პროცესებიდან უნდა განეიტრალდეს. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, ეს საჭიროა დემოკრატიული პროცესების განვითარებისთვის.

„იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში, „ნაცმოძრაობა“ ქართული პოლიტიკიდან განეიტრალდება, რაც აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ ჩვენი დემოკრატიული სისტემა სწორად განვითარდეს. „ნაცმოძრაობაში“ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ უნდა ვიგულისხმოთ. ვიცით, რომ არავითარი განსხვავება არ არის „ნაციონალურ მოძრაობას“, „ლელოს“, გახარიას, „ევროპულ საქართველოს“, „გირჩს“ და ა.შ. პოლიტიკურ პარტიებს შორის. შესაბამისად, მნიშვნელოვანია არა „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც პარტიის განეიტრალება, არამედ ამ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ჩანაცვლება ჯანსაღი ოპოზიციური ძალებით.

მისივე თქმით, ამ ეტაპისთვის, პოლიტიკურ ასპარეზზე ჯანსაღი ძალები არ ჩანან.

„სამწუხაროდ, არ იკვეთებიან ასეთი პოლიტიკური ძალები, რომლებმაც შეიძლება სერიოზული როლი შეასრულონ შემდეგ არჩევნებზე. იმედია, ჯანსაღი ოპოზიციური ძალები გამოჩნდებიან. არამხოლოდ ჩრდილოვანი მმართველობა, ზოგადად, ქართულ პოლიტიკაში პრობლემაა ოლიგარქიზაცია. ჩვენ გვჭირდება დეოლიგარქიზაცია, გვჭირდება ქართული პოლიტიკის გათავისუფლება კეზერაშვილისგან, სააკაშვილისგან და სხვა ოლიგარქებისგან“ – აღნიშნა კობახიძემ მედიასთან.

მსგავსი თემები