,,რა უნდა პირდაპირი ფრენების დაწესებას საქართველოსა და აშშ-ს შორის, მე რომ ვიყო აშშ-ის ელჩი, ამაზე ვიზრუნებდი”- ირაკლი კობახიძე

,,რა უნდა პირდაპირი ფრენების დაწესებას საქართველოსა და აშშ-ს შორის? მე რომ ვიყო, მაგალითად, აშშ-ის ელჩი, ამაზე ვიზრუნებდი,”-  ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ  განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ს მკაცრი სავიზო აქვს პოლიტიკა საქართველოს მოქალაქეების მიმართ.

„ბრიტანეთის საკონსულო დეპარტამენტის ოფიციალურ საიტზე დევს შარშანწინდელი ამერიკული საკონსულოს სტატისტიკა, რომ საქართველოს მოქალაქეებს დაუკმაყოფილდათ სავიზო განაცხადების 37%. იგივე სტატისტიკა დევს მეზობელ ქვეყნებთან დაკავშირებით, მათ შორის, რუსეთის შარშანწინდელი სტატისტიკაც დევს, სადაც ომამდე ვითარებაა ასახული და იქ 63%-დან 88%-მდე მერყეობს ვიზების გაცემის სტატისტიკა. არ ვიცი, ამას რა ლოგიკური ახსნა აქვს. ვიზალიბერალიზაციას ხომ არ ვითხოვთ, სავიზო რეჟიმის გაუქმებას, მაგრამ როგორ შეიძლება, ასეთი მკაცრი პოლიტიკა გქონდეს საქართველოს მოქალაქეების მიმართ – 37% ჩვენთან და 63%-დან 88%-მდე მეზობელ ქვეყნებში? იგულისხმება როგორც რუსეთი, ასევე სომხეთი, აზერბაიჯანი და თურქეთი. რა ახსნაა ამაში, რატომ არ ხდება მაშინ დაახლოება, თუ ეს დაახლოებას ნიშნავს? პირდაპირ ფრენებზე ვთქვათ, რა უნდა პირდაპირი ფრენების დაწესებას საქართველოსა და აშშ-ს შორის? მე რომ ვიყო, მაგალითად, აშშ-ის ელჩი, ამაზე ვიზრუნებდი. მით უმეტეს, თუ ფიქრობ, რომ ასეთი შესაძლებლობებია დაკავშირებული უვიზო მიმოსვლასთან ან პირდაპირ ფრენებთან, მაშინ დააწესე პირდაპირი ფრენები, უვიზო მიმოსვლა ან თავისუფალი ვაჭრობა“, – განაცხადა კობახიძემ  პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.

მსგავსი თემები