,,ყულევში ერთი კვირის წინ შემოსული 600 რუსული ვაგონია სანქცირებული მაზუთით დატვირთული” – ლევან ხაბეიშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ყულევში, ერთი კვირის წინ, 600 რუსული ვაგონი შემოვიდა სანქცირებული მაზუთით. მისივე თქმით, ტვირთის წარმოშობის სერტიფიკატი გაყალბებულია.

,,მინდა ერთი ახალი ინფორმაცია მოგაწოდოთ, საგამოძიებო მოქმედებები რომ დაიწყოს სწრაფად: ყულევში ერთი კვირის წინ შემოსული 600 რუსული ვაგონია სანქცირებული მაზუთით დატვირთული, 35 ათას ტონაზეა საუბარი. მესაკუთრე არის „გაზპრომ ნეფტი“, დაიტვირთა მახაჩკალაში. დაღესტანი – აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე და ეს გადაზიდვა განახორციელა კომპანია „მადოფსმა“.

ტვირთის წარმოშობის სერტიფიკატი არის გაყალბებული და ნათქვამია, რომ თითქოს „რუსთავ ოილი“ არის ასეთი და იქ მოიპოვეს თურმე, თუ გადაამუშავეს მაზუთი. არადა „რუსთავ ოილს“ ლიცენზია მხოლოდ ბიტუმის გადამუშავებაზე აქვს. ანუ ეგეთი ლიცენზია არ არსებობს, მაგრამ უცვლიან საქართველოში სერტიფიკატს, რომ მერე ეს ტვირთი მოხვდეს ევროკავშირის ქვეყნებში. სხვათა შორის, ბიზნესმენი, რომელიც ამას აკეთებს არის რუსი ბიზნესმენი ბატონი გოგელია“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

მსგავსი თემები