სმიტების ოჯახის მკვლელობისთვის 19 წლის მწყემსს უვადო პატიმრობა ემუქრება

დუშეთში, ხადას ხეობაში ამერიკელი, სმიტების ოჯახის მკვლელობისთვის დაკავებულ ადგილობრივ მწყემსს, 19 წლის მ.კ-ს უვადო პატიმრობა ემუქრება. ბრალდებულს  შერაცხადობის საკითხზე ფსიქიატრიულ ექსპერტიზა ჩაუტარდება, ხოლო ​​გარდაცვლილთა ცხედრებს ექსპერტიზა უტარდება.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს, შსს-ს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული საგამოძიემო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად,  დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი 2 ან მეტი პირის, მათ შორის, დამნაშავესთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის ბრალდებით,


1998 წელს დაბადებული მ.კ დაკავებულია. მის მიერ ჩადენილი დანაშაული უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მათივე ინფორმაციით, 6 ივლისს, “112”-ში შევიდა შეტყობინება, ამერიკისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე ორი პირისა და მათი 4 წლის შვილის დაკარგვის შესახებ. შეტყობინების ინიციატორის თქმით, დაკარგულები დუშეთის რაიონში, ხადას ხეობაში იმყოფებოდნენ და მათთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა.

​პოლიციის თანამშრომლებმა და მაშველებმა შეტყობინებაში მითითებული ადგილები დაათვალიერეს. სოფელ წკერში მათი კუთვნილი ავტომობილი და პირადი ნივთები აღმოაჩინეს. იმავე დღეს, 1976 წელს დაბადებული ამერიკელი ლ.ს ხევში, ჩანჩქერის პირად იპოვეს გარდაცვლილი. მას პირველადი დათვალიერებით ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა. მეორე დღეს, 7 ივლისს, ხევში მიმდინარე სამძებრო სამუშაოების შედეგად, ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე, 1975 წელს დაბადებული რ.ს -ს ცხედარი აღმოაჩინეს.

“თავდაპირველად გამოძიება სისხლის სამართლის კოლექსის 116 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც, გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.  პირველადი სამედიცინო დათვალიერების შედეგად საქმე განზრახ მკვლელობით მუხლით გადაკვალიფიცირდა. დაკავებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა. მასთან საგამოძიებო ექპერიმენტის ჩატარებისას, აღმოჩენილია 4 წლის ბავშვის ცხედარიც”, – აცხადებენ შსს-ში.

როგორც გამოძიების შედეგად დადგინდა, 4 ივლისს, ხადას ხეობაში, ერთ-ერთი ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთოშელაპარაკებისას, სანადირო თოფიდან გასროლით, მ.კ-მ სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა ამერიკელ მამაკაცს და მის შვილს, ხოლო მისი მეუღლე, ხეობიდან გაქცევისას გადავარდა ხევში და დაიღუპა. დაკავებულმა მოკლული მამაკაცი შემთხვევის ადგილზე დატოვა, ხოლო მცირეწლოვანის ცხედარი ზვავში დამალა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109 მუხლის საფუძველზე მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ ამერიკელი სმიტების ოჯახი საქართველოში 6 წელზე მეტი ხანია ცხოვრობდნენ, ხოლო ორმაგი მოქალაქეობის სტატუსი მათ 2012 წელს მიიღეს.

მსგავსი თემები