პროკურორის განცხადებით, ბაჩალიაშვილის საქმის გამომძიებელს საგამოძიებო პროცედურები არ ჩაუტარებია

თამარ ბაჩალიაშვილის საქმე ხელახლა დადგა დღის წესრიგში. კერძოდ, მას შემდეგ, რაც საქმის გამომძიებელმა გარდაცვალების საეჭვო გარემოებებზე ისაუბრა, ის პროკურატურაში დაიბარეს. პროკურორი კი ამტკიცებს, რომ  გამომძიებელს არანაირი საგამოძიებო მოქმედებები ჩაუტარებია.

მარი მეშველიანის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე, რომელიც 2020 წელს ტყეში, საკუთარ ავტომანქანაში რამდენიმე დღის გარდაცვლილი იპოვეს, გამომძიებელ სერგო შუბითიძეს მისი მობილური არც დაუთვალიერებია, ის არც ძირითად გამომძიებელს წარმოადგენდა და არც გამოძიება დაუწყია პირადად მას.

„სერგო შუბითიძემ არ ითანამშრომლა გამოძიებასთან და უარი განაცხადა ჩვენთვის მის ხელთ არსებული ინფორმაციის მოწოდებაზე.  სასამართლოს მიემართა შუამდგომლობით მის დაკითხვასთან დაკავშირებით და დღევანდელ სასამართლო სხდომაზე სერგო შუბითიძეს მოუწევს პროკურატურის მიერ დასმულ ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა. დაისმება ყველა ის კითხვა, რომელზეც მან აქცენტი გააკეთა ერთ-ერთი ტელეკომპანიის სიუჟეტში, მათ შორის, მობილურ ტელეფონთან და ყველა გარემოებასთან დაკავშირებით. აუცილებლად ჩატარდება სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, რომლის ფარგლებშიც დაიკითხება ყველა ის პირი, რომელიც გაჟღერდება და გამოიკვეთება“  –  აცხადებს პროკურორი.

​შუბითიძეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით კითხავენ. პროკურორის თქმით, სერგო შუბითიძემ, ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში მხოლოდ 3 ადამიანი გამოკითხა.

„მობილური ტელეფონი სერგო შუბითიძეს არ დაუთვალიერებია. საქმეში არ მოიპოვება არც ერთი დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც მას რაიმე შემხებლობა ჰქონდა თამარ ბაჩალიაშვილის მობილურ ტელეფონთან“ – აღნიშნა პროკურორმა.

 

მსგავსი თემები