მთავრობის კანცელარიასთან ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერები და მეგობრები მის გათავისუფლებას ითხოვენ. აქცია დღეს მთავრობის კანცელარიასთან გაიმართა, სადაც აღნიშნული მოთხოვნა გაჟღერდა.

საუბარია 21 წლის ახალგაზრდაზე, რომელიც პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებითაა დაკავებული. საქმეში არსებობს ვიდეომტკიცებულება, როცა ბრალდებული პოლიციელების მისამართით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილს ისვრის.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ დაკავებული პოლიტიკური პატიმარია, რომ ის თავისუფალი სიტყვისთვისაა დაკავებული და მის გათავისუფლებას ითხოვენ.

ბრალდების მხარის ინფორმაციით, დაკავებულმა 7 მარტის აქციაზე, რუსთაველის გამზირზე, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით „მოლოტოვის კოქტეილი“ ისროლა. ასევე, მას ბრალად ედება შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ „ტოიოტა კოროლას“ მოდელის ავტომანქანისთვის ცეცხლის წაკიდება.

დანაშაული 7-დან 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

მსგავსი თემები