„არც ერთი პაციენტი ინსულინის გარეშე არ დარჩება“ – ჯანდაცვის სამინისტრო

„დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ყველა ბენეფიციარი ინსულინით უზრუნველყოფილია და გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს  მედიკამენტის მარაგი ქვეყანაში არ არსებობს, სიმართლეს არ შეესაბამება“ – აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, სიცრუეა ინფორმაცია, რომ დიაბეტურ მედიკამენტებზე ტენდერი არ ჩატარებულა.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ  დიაბეტის მართვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ფარმაცევტული საშუალებები  ბენეფიციარებს შეუფერხებლად მიეწოდებათ და არც ერთი პაციენტი ინსულინის გარეშე  არ იმყოფება.

ასევე, არ შეესაბამება სიმართლეს გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტების შესყიდვის  ტენდერები არ ჩატარებულა. საზოგადოების ინფორმირებისათვის განვმარტავთ, რომ  ინსულინის მომწოდებელ კომპანიებთან ხელშეკრულებები გაფორმებულია და მარაგი სისტემატურად ივსება. ბენეფიციარებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ აღნიშნული სამკურნალო საშუალების საჭირო რაოდენობა.

შესაბამისი დადგენილება(2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება N609) სამი თვის მარაგების გაცემას არ ითვალისწინებს“ – აცხადებენ უწყებაში.

მსგავსი თემები