„ხელისუფლებამ არ გაბედოს და არ სცადოს, კიდევ პოლარიცაზია შემოიტანოს“ – პრეზიდენტის გაფრთხილება

„ეს იყო დეპოლარიზაციის პირველი ნიშანი“ – აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი ე.წ. აგენტის გავლენების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც პარლამენტიდან გაწვევის გადაწყვეტილებაც მმართველმა გუნდმა დრეს მიიღო.

როგორც პრეზიდენტი ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, ხელისუფლებამ არ გაბედოს და კიდევ არ სცადოს პოლარიზაცია.

„ეს გაერთიანება ძალიან კარგად გამოჩნდა. ეს გაერთიანება არ არის ერთი დღით. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს გაერთიანება გამოიხატება ნებისმიერ ეტაპზე ევროპისკენ მიმავალ ჩვენს გზაზე. უკვე გითხარით, რომ ამ გზაზე თქვენს გვერდით ვართ. ნუ გეშინიათ. ხელისუფლების მიმართ არის უნდობლობა ამ გზაზე და გასაგებია, რატომაც. ნუ გეშინიათ, რას იზამენ, რომელ კანონს შემოიტანენ თუ გაიტანენ…

ნებისმიერ კანონს, რომელიც არ იქნება თანხვედრაში ჩვენს ევროპულ გზასთან, დავადებ ვეტოს.  ეს ვეტო უკვე აღარ არის ცარიელი ვეტო, რადგანაც ამ ვეტოს უკან დგახართ თქვენ, და მე ვარ თქვენი იმედით. თქვენ თუ ხართ ჩემი იმედით, მე ნამდვილად მაქვს თქვენი იმედი. მეამაყება საქართველოს ახალგაზრდობა და არა მხოლოდ ახალგაზრდობა. მეამაყება ყველა ის ადამიანი, რომელიც გამოვიდა, რომელმაც გამოხატა თავისი ნება და თავისი ევროპულობა. ეს არ არის პირველად საქართველოს ისტორიაში და ეს არის სწორედ ის, რითაც ჩვენ მოვდივართ და რატომღაც ჩვენ აქ ვართ, სადაც ვართ და მივაღწიეთ ამდენს.

მე აქ ვარ, ამერიკაში, მექნება კიდევ მნიშვნელოვანი შეხვედრები და არა მხოლოდ აქ. იმიტომ, რომ დღეს საჭიროა, გავამაგროთ ჩვენი პოზიციები. ამ პოზიციების გამაგრებაში თქვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები ძალიან მნიშვნელოვანია და ეს უნდა გავაჟღერო და მივიტანო ყველგან, ყველა ჩვენს პარტნიორთან, რათა მათ გავაგებინოთ, რომ ახლა მათი სტრატეგიული გადაწყვეტილება უნდა იყოს საქართველოს სასარგებლოდ, რადგან საქართველომ დაანახა, სად დგას, რა უნდა და ამაში არავის შეიძლება, ეჭვი შეეპაროს. კიდევ ერთხელ, მეამაყებით. თქვენ გვაჩვენეთ დეპოლარიზაცია, პირველი ნაწილი რეკომენდაციების ამით შესრულებულია. ხელისუფლებამ არ გაბედოს და არ სცადოს, კიდევ პოლარიცაზია შემოიტანოს ამ დაწყნარებულ საზოგადოებაში, რომელმაც იცის, სად მიდის, საითკენ მიდის და როგორ უნდა წავიდეს. მე ვარ თქვენ გვერდით და ვიქნები თქვენ გვერდით“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი ვიდეომიმართვაში.

 

მსგავსი თემები