,,თავდაცვის სამინისტრო და „როსატომი“ მზად უნდა იყვნენ, ბირთვული იარაღის გამოსაცდელად”- პუტინი

რუსეთი სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულებაში მონაწილეობას აჩერებს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ფედერალურ ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პუტინის მტკიცებით, აშშ, ნატოს დახმარებით, ულტიმატუმს უყენებს მოსკოვს, რომ  სტრატეგიული შეტევითი იარაღის შემცირების შესახებ ახალი შეთანხმება მიიღონ.

პუტინის თქმით,  რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და „როსატომი“ მზად უნდა იყვნენ, ბირთვული იარაღის გამოსაცდელად.

„ჩვენ დანამდვილებით ვიცით, რომ ზოგიერთი ფიგურა ვაშინგტონში, უკვე ფიქრობს მათი ბირთვული იარაღის გამოცდის შესაძლებლობაზე, მათ შორის იმის გათვალისწინებით, რომ შეერთებული შტატები ავითარებს ბირთვულ იარაღის ახალ ტიპებს. ამ სიტუაციაში რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ და „როსატომმა“ უნდა უზრუნველყონ მზადყოფნა რუსული ბირთვული იარაღის გამოცდისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვიქნებით პირველი, ვინც ამას გააკეთებს, მაგრამ თუ შეერთებული შტატები გამოცდას განახორციელებს, ჩვენც გავაკეთებთ ამას”, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

სტრატეგიული შეტევითი იარაღის შემცირების შეთანხმება შეთანხმება ამერიკასა და რუსეთს შორის 2002 წელს შედგა და იგი მიზნად ისახავდა მსოფლიოში ბირთვული არსენალის შემცირებას.

მსგავსი თემები