მეჯვრისხევში, ევროკავშირის დამკვირვებლების პატრულირებისას, რუსმა ჯარისკაცებმა რამდენჯერმე გაისროლეს

ევროკავშირის მისიის დამკვირვებლები იძულებულები გახდნენ, ე.წ. საზღვრისპირა ზოლი სოფელ მეჯვრისხევთან მიეტოვებინათ და ტერიტორიას გასცლოდნენ. აღნიშნულის მიზეზი რუსი სამხედროების მხრიდან ჰაერში სროლა გახდა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ადასტურებენ, რომ  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პატრულირების დროს, რუსმა სამხედროებმა ჰაერში რამდენჯერმე გაისროლეს.

სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ირაკლი ანთაძე კი აცხადებს, რომ აღნიშნული ინცინდენტი ერგნეთის დღევანდელ შეხვედრაზე განხილვის თემა იყო.

„მეჯვრისხევში მომხდარი ფაქტი იყო განხილული დღევანდელ შეხვედრაზე. ამას მიეცა შეფასება და ამას მიეცემა შეფასება შესაბამის რეპორტებში. როგორც ვიცი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ამ ფაქტს უკვე მისცა შეფასება, და როგორც ვიცი, ისინი მზად არიან, გასცენ პასუხი შეკითხვებს. ახლა მიდის დეტალების დაზუსტება. საერთო პოზიციაა, რომ საკითხის ამოწურვამდე თავი შევიკავოთ მსჯელობისგან. ეს არ არის პირველი ინციდენტი ევროკავშირის მისიასთან დაკავშირებით. ევროკავშირი აგრძელებს საქმიანობას და ჩვენ მადლობელი ვართ იმ წვლილისათვის, რაც მისიას შეაქვს ჩვენს საერთო საქმეში“, – აღნიშნა ირაკლი ანთაძემ.

მსგავსი თემები