,,რუსეთსა და სეპარატისტულ აფხაზეთს შორის დადებული შეთანხმებები უკანონოა”- აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დადგენილება

11 იანვარს, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სესიაზე, თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ დეპუტატებს დღის წესრიგით წარმოდგენილი ორი საკითხის განხილვა, კერძოდ, „2022- 2025 წლებში აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ე.წ. სახელმწიფო პროგრამის რეალიზაციაში ხელშეწყობის თაობაზე რუსეთის ფედერაციასა და ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკას შორის დადებული „შეთანხმებისა“ და მისი „რატიფიცირების“ შესახებ გადაწყვეტილების უკანონოდ ცნობის თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დადგენილების პროექტისა და, „რუსეთის ფედერაციასა და ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკას შორის ორმაგი მოქალაქეობის საკითხების დარეგულირების შესახებ დადებული „შეთანხმებისა“ და მისი „რატიფიცირების“ თაობაზე გადაწყვეტილების უკანონოდ ცნობის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
დადგენილების პროექტის განხილვა.

ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, მათი უკანონოდ ცნობის თაობაზე, დეპუტატებმა კენჭისყრით ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება, რომლებშიც აღნიშნულია:

„…2022-25 წლებში აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ე.წ. სახელმწიფო პროგრამის რეალიზაციაში ხელშეწყობის შესახებ მოსკოვსა და სოხუმს შორის დადებული „შეთანხმება“ ეწინააღმდეგება როგორც საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას, გაეროს პაქტს
ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ, ისე საქართველოს კანონმდებლობას, კერძოდ საქართველოს კონსტიტუციასა და „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონს.“ „… სრულიად აშკარაა, რომ შეთანხმება ორმაგი მოქალაქეობის საკითხების დარეგულირების შესახებ მთლიანად ჯდება რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის ანექსიის პოლიტიკის ჩარჩოებში. იგი წარმოადგენს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების ტოტალური დარღვევის მორიგ გამოვლინებას, ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების, ასევე საქართველოს პარლამენტის
მიერ არაერთგზის აღიარებული და დაგმობილი ეთნიკური წმენდის, გენოციდის უმძიმესი შედეგების დაკანონების მცდელობას.“

კენჭისყრამდე პლენარულ სხდომაზე ძირითადი მოხსენებები წარმოადგინა იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ. მოხსენებების ირგვლივ გამართულ დისკუსიაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს უმაღლესი საბჭოს წევრებმა. ხაზი გაესვა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ მსგავსი გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობასა და მნიშვნელობას.

დასკვნით სიტყვაში უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ განაცხადა, რომ უმაღლესი საბჭო ვალდებულია მოახდინოს რეაგირება ყველა იმ მოვლენასა თუ პროცესზე, რომელიც ვითარდება აფხაზეთში და პრობლემის მოგვარებასთან არის დაკავშირებული. მნიშვნელოვანია, რომ უმაღლესი საბჭოს ეს დადგენილებები, ისევე, როგორც სხვა დადგენილებები, გამოქვეყნდება საკანონმდებლო „მაცნეში“, ასევე აუცილებლად იქნება გადაგზავნილი საქართველოში არსებულ უცხო ქვეყნების საელჩოებში, მოქმედ ყველა მსხვილ საერთაშორისო ორგანიზაციაში და უცხოეთში მოქმედ საქართველოს წარმომადგენლობებში.

გადაწყვეტილებები სრულად იხილეთ უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე scara.gov.ge

მსგავსი თემები