საწვავის ბაზარზე კონკურენციის სააგენტო 5 მსხვილი კომპანიის ქმედებას სწავლობს – ირაკლი ლექვინაძე „მედიაცენტრ მთავარში“

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, შესაძლოა, ბაზარზე ადგილი ჰქონდეს საწვავის ფასების დაკლების მიმართულებით კომპანიების მხრიდან არაკეთილსინდისიერ ქცევას.

მისივე თქმით, მოკვლევა დაწყებულია, ხუთი მსხვილი რეალიზატორი კომპანიის წინააღმდეგ.

„კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ 2022 წელს აგვისტოში დაასრულა ბაზრის მონიტორინგი საავტომობილო საწვავთან დაკავშირებით. მონიტორინგმა გვიჩვენა, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი, აღნიშნულ საკითხზე მოკვლევა დავიწყოთ. მოკვლევა დაწყებულია აგვისტოს თვეში ხუთი მსხვილი რეალიზატორი კომპანიის წინააღმდეგ. თემა ეხება ბაზარზე შესაძლო არაკეთილსინდისიერ ქცევას ან შესაძლო შეთანხმებულ ქმედებას, რადგანაც ჩვენი მონიტორინგის პროცესში დავინახეთ, რომ რუსეთიდან იმპორტირებული საწვავის შემთხვევაში გაიაფებული იმპორტის ასახვა სათანადოდ არ ხდებოდა დროში ოპტიმალურ პერიოდში, ევროპიდან იმპორტირებული საწვავის შემთხვევაში საბაჟო საწყობიდან კონკურენტ კომპანიებზე ხდებოდა დაახლოებით 75 თეთრის ფარგლებში უფრო იაფად მიყიდვა, ვიდრე საკუთარ ქსელში ხდებოდა აღნიშნულის შეტანა. ჩვენი მოკვლევა მიმდინარეობს, ხომ არ უკავშირდებოდა ეს ყველაფერი კომპანიების მხრიდან არაკეთილსინდისიერ ქცევას ან შესაძლო შეთანხმებულ ქმედებას. თებერვლის თვეში ჩვენ საბოლოო გადაწყვეტილებას ან შუალედურ გადაწყვეტილებას გავაცნობთ დაინტერესებულ მხარეებს“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ ”მედიაცენტრ მთავარში”.

მსგავსი თემები