„პოდოლიაკის განცხადება არის უტიფარი”- გია ვოლსკი

,,თუ პოდოლიაკმა ვერ დაინახა, საქართველო რა პოზიციაზე დგას, მისი განცხადება შეგვიძლია, შევაფასოთ, როგორც უტიფრობა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველის, მიხაილ პოდოლიაკის განცხადა არის უტიფარი.

„პოდოლიაკის განცხადება არის უტიფარი. თუ ის იმის შემდეგ ვერ მიხვდა, ვისკენ არის საქართველო, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ქვეყანამ რუსეთის მიმართ ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღო, როგორიც არის მათ შორის ტრიბუნალისთვის მიმართვა, რუსეთის გარიცხვა მთელი რიგი საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, ის ან უტიფრად აგრძელებს „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკას, ან პრაქტიკულად ვერაფერს ხედავს უკრაინის გარშემო, რეგიონში რა ხდება. ჩვენ არ გაგვაჩნია ტანკი იმისთვის, რომ უკრაინას მივაწოდოთ, მაგრამ გაგვაჩნია ელექტროგენერატორები და ჰუმანიტარული დახმარების გარკვეული რესურსი, რასაც ვაწვდით. აღმოჩნდა, რომ მსოფლიოში ამ მაჩვენებლითაც პირველ ადგილზე ვართ. ჩვენ გაგვაჩნია რესურსი, რომ საქართველოში მცხოვრებ უკრაინელ ხალხს დავეხმაროთ, მათ შვილებს სკოლაში სწავლის საშუალება მივცეთ და მათი პედაგოგები დავაფინანსოთ. ამის შემდეგ, თუ პოდოლიაკმა ვერ დაინახა, საქართველო რა პოზიციაზე დგას, მისი განცხადება შეგვიძლია, შევაფასოთ, როგორც უტიფრობა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

მსგავსი თემები