დღეიდან საპენსიო სესხის ზღვარი მცირდება

პარლამენტო ჯგუფი „მოქალაქეები“ საპენსიო სესხებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მათი განცხადებით,  „მოქალაქეების“ ძალისხმევის შედეგად, დღეიდან „ლიბერთი ბანკში“ საპენსიო სესხების ზედა ზღვარი მნიშვნელოვნად მცირდება.

„საპარლამენტო ჯგუფ „მოქალაქეების“ ძალისხმევის შედეგად, დღეიდან, 3 იანვრიდან „ლიბერთი ბანკში“ საპენსიო სესხების ზედა ზღვარი მნიშვნელოვნად მცირდება. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სს „ლიბერთი ბანკს“ შორის საბანკო მომსახურების ხელშეკრულების პირობები შეიცვალა. ჩვენი ძალისხმევის შედეგად, „ლიბერთი ბანკში“ საპენსიო სესხებზე საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარი განისაზღვრება ფიქსირებული 26%-ით, რაც იმას ნიშნავს, რომ „ლიბერთი ბანკი“
ვეღარ შეძლებს კაბალურ 43% და 36%-ში სესხის გაცემას. საპენსიო სესხის პროცენტის მაქსიმალური განაკვეთი 25.8% იქნება. აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ხანგრძლივი და სიღრმისეული მუშაობა, აგრეთვე მსჯელობა მიზნობრივ, შემხებლობში მყოფ ჯგუფებთან. იმის მიზეზებზე სამსჯელოდ, რატომ იხდიდა ყველაზე დაუცველი ფენა – პენსიონერები ყველაზე მაღალ პროცენტს და რა გამოსავლის პოვნა იყო შესაძლებელი, საპარლამენტო ჯგუფ „მოქალაქეების“ ინიციატივით შედგა არაერთი შეხვედრა. მათ შორის გაიმართა განხილვა საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტზე, „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორის, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა და ფინანსთა მინისტრების მოადგილეების მონაწილეობით.

პარლამენტში შეიქმნა ერთობლივი სამუშაო ჯგუფი პარლამენტის თავმჯდომარის და პარლამენტის წევრების, ლევან იოსელიანის, ალექსანდრე ელისაშვილის და ირაკლი ზარქუას შემადგენლობით, საპენსიო სესხის საპროცენტო განაკვეთის შემცირების მიზნით. პარტია მოქალაქეების მიერ გატარებული ღონისძიებების საფუძველზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, შეიქმნა უწყებათაშორის კომისია, რომლის მუშაობაშიც პარტია „მოქალაქეები“ აქტიურად იყო ჩართული და რომლის ამოცანაც იყო პენსიების არსებული სისტემის შესწავლა, ამ პროცესში არსებული ხარვეზების იდენტიფიცირება და მათი ანალიზი. კომისიის მუშაობის ფარგლებში, ექსპერტების, პარლამენტის წევრების, ადმინისტრაციული ორგანოების, საერთაშორისო ორგანიზაციების და საბანკო/საკრედიტო სექტორის წარმომადგენლების ჩართულობით, შემუშავდა ახალი საკონკურსო პირობები, რომელის საფუძველზეც გარანტირებული იქნება, პენსიონრისთვის სესხის/კრედიტის გაცემისას სესხის საპროცენტო განაკვეთის ადამიანური პროცენტი.

საქართველოს პარლამენტში, პოლიტიკური პარტია „მოქალაქეების“ შემოსვლის შემდგომ, ჩვენი ძალისხმევისა და გადადგმული ნაბიჯების საფუძველზე, შესაძლებელი გახდა ახალი საკონკურსო პირობების ისეთი ფორმით ჩამოყალიბებაზე შეთანხმება, სადაც დაწესებული იქნება გარკვეული ლიმიტი, რომლის საფუძველზეც პენსიონერებზე სესხის გაცემა მოხდება ისეთ პროცენტში, რომელიც მათ მდგომარეობას კიდევ უფრო არ დაამძიმებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები