ამოღებულია რეალიზაციისათვის განკუთვნილი დაახლოებით 6 ტონა ვადაგასული რძის პროდუქტი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ვადაგასული და საკვებად უვარგისი რძის პროდუქტების რეალიზაციის ფაქტზე პასუხისგებაში ორი პირი მისცეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, რძის პროდუქტების მწარმოებელი ერთ-ერთი კომპანიიდან, მიზერულ ფასად ყიდულობდნენ ვადაგასულ და საკვებად უვარგის პროდუქტებს, რომელიც თითქოსდა უნდა გამოეყენებინათ ცხოველთა საკვებად.

“ბრალდებულები რძის პროდუქტებს უცვლიდნენ სასაქონლო იერსახეს, რის შემდეგაც ვადაგასული, უხარისხო საქონლის რეალიზაცია მოტყუებით ხდებოდა თბილისში არსებულ საცხობებში, ნახევარფაბრიკატების დამამზადებელ საწარმოებსა და სავაჭრო ობიექტებში”.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულ იქნა, შემდგომი რეალიზაციისათვის განკუთვნილი დაახლოებით 6 ტონა ვადაგასული რძის პროდუქტი.

დანაშაული ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 219-ე მუხლის მე-2 ნაწილით, თავისუფლების აღკვეთით 2 წლამდე ვადით.

მსგავსი თემები