აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ 500-მდე დევნილ ოჯახს ჰუმანიტარული დახმარება გაუწია.
უმაღლესი საბჭოს მორიგი ჰუმანიტარული აქცია იმერეთისა და სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონებში დევნილთა კომპაქტური განსახლების საცხოვრებლებში მყოფი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით, წინასაახალწლოდ, 24-25 დეკემბერს განხორციელდა.
სასურსათო პროდუქტები იმერეთის რეგიონში, კერძოდ საჩხერეში, ჭიათურაში, ზესტაფონში, ქუთაისში, წყალტუბოში, და სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონში -ზუგდიდში, ინგირში, კახათში და ფოცხო-ეწერში მდებარე სხვადასხვა კომპაქტურ ჩასახლებაში განსახლებულ დევნილებს გადაეცა.
დევნილებს პროდუქტები უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ და უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომლებმა ჩაუტანეს;
დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრების დროს გაიმართა მსჯელობა ცალკეული ოჯახების წინაშე არსებულ პრობლემებზე, მათი მოგვარების გზებზე, ადგილობრივი და ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების მონაწილეობით ერთობლივი ღონისძიებების ჩატარებაზე.
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ჯემალ გამახარიას განცხადებით, უმაღლესი საბჭოს თითოეული წევრი და აპარატის თანამშრომელი ზრუნავს იმისათვის, რათა რთულ ვითარებაში მყოფ დევნილ ოჯახებს შეუმსუბუქდეთ არსებული მდგომარეობა. მისი თქმით, დროულად უნდა მოხდეს განსაკუთრებული საჭიროების მქონე დევნილთა სოციალური და საყოფაცხოვრებო მოთხოვნათა დაკმაყოფილება, მნიშვნელოვანია მცირე
და საშუალო ბიზნესში მათი ჩართულობა.
ვახტანგ ყოლბაიას განმარტებით, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მიერ ჰუმანიტარული დახმარების სახით გამოხატული მინიმალური ყურადღება შეჭირვებულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანებისადმი განსაკუთრებული დატვირთვის მატარებელია. ეს მათ მიმართ გამოხატული ზრუნვაა, რასაც აბსოლუტური უმეტესობა მადლიერებით აღნიშნავს.
უმაღლესი საბჭოს მიერ გამართულ აქციაში მონაწილეობა მიიღეს, საჩხერის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ივანაშვილმა, მერის მოადგილემ ოთარ ომიაძემ, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ, ქუთაისის ავტოქარხნის ტერიტორიული ორგანოს თავმჯდომარემ გიგა ციბაძემ, წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარემ თეიმურაზ ჭეიშვილმა, აფხაზეთის მთავრობის დასავლეთ საქართველოს იმერეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ნათია კოპალიანმა, სამეგრელო – ზემო სვანეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა კონსტანტინე ბასარიამ, მოადგილემ თემურ ბოკუჩავამ.
აქცია უმაღლეს საბჭოში მოქმედი საქველმოქმედო ფონდის, „სოციალური სოლიდარობისათვის“, მხარდაჭერით განხორციელდა.