საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა ბიოლოგიური ნიმუშების აღებაზე კვლავ უარი განაცხადა

საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლის, ვასილ კაკაშვილის განცხადებით, საქართველოს ყოფილმა პეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ბიოლოგიური ნიმუშების აღებაზე კვლავ უარი განაცხადა. ამის შესახებ კაკაშვილმა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განაცხადა.

როგორც კაკაშვილმა აღნიშნა, პირადად, სააკაშვილისგან სურდა ნიმუშების აღებასთან დაკავშირებით პოზიციის მოსმენა.

„სისხლის, თმის და ფრჩხილის ნიმუშების აღებასთან დაკავშირებით, უარყოფითი პოზიცია გააჟღერა ჩვენთან მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა. დღეს შევედით უშუალოდ მიხეილ სააკაშვილთან, გვინდოდა ამ საკითზე მისი პოზიციის დაფიქსირება.  მან დაგვიფიქსირა უარყოფითი პოზიცია ნიმუშების აღებაზე“, – აღნიშნა კაკაშვილმა.

ვასილ კაკაშვილმა ასევე გააკეთა განმარტება მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის მიერ გაგზავნილ წერილზე, სადაც აღნიშნულია, რომ დაცვის მხარე თანახმაა, მიხეილ სააკაშვილის ექსპერტიზა ჩატარდეს უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით.

როგორც კაკაშვილმა აღნიშნა, „ადვოკატმა განცხადება ჩამაბარა, თუმცა სრულად არ გავცნობივარ, გავეცნობით და მივიღებთ კანონის შესაბამის გადაწყვეტილებას, ყველა განცხადებასთან დაკავშირებით“.

მისივე განმარტებით, ტოქსიკოლოგიური კვლევისთვის კონკრეტული ნიმუშების აღება, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომართვის საფუძველზე ხდება.

„სისხლის ნიმუშის საფუძველზე, ექსპერტიზის ჩატარებისას, ასევე, ფრჩხილის და თმის ნიმუშის საფუძველზე ტოქსიკოლოგიური კვლევის ჩატარებასთან დაკავშირებით კონკრეტული ნიმუშების აღებას, ჩვენ ვახორციელებდით ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მომართვის საფუძველზე. წერილითაც დასტურდება, რომ ისინი აცხადებდნენ, რომ ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ კვლევას აღნიშნული ნიმუშებით ჩაატარებდნენ. შესაბამისად, ვერ გეტყვით კონკრეტულად, რას ეყრდნობა ადვოკატის განცხადება. ჩვენ ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს წერილობითი მიმართვის საფუძველზე ვახორციელებდით აღნიშნულ მოქმედებებს. ოფიციალური პასუხი გვაქვს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან, რომ ისინი ჩაატარებდნენ გამოძიების საინტერესო კითხვებზე ექსპერტიზას“, – განაცხადა კაკაშვილმა.

მსგავსი თემები