,,მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური ავადმყოფია”- დიმიტრი ხუნდაძე

,,მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური ავადმყოფია – ის არის შეპყრობილი ძალადობრივი ბერკეტების მოპოვების სურვილით,” – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პასუხები სჭირდება კითხვებს, ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსების გამალებული მცდელობა, სააკაშვილი გათავისუფლდეს, ძველი თუ ახალი ერთობლივი დანაშაულებების გადაფარვით ხომ არ არის განპირობებული.

„თვალს ვადევნებთ მიხეილ სააკაშვილის ნებისმიერი მეთოდით გათავისუფლების სპეცოპერაციას. მსგავსი სახის სპეცოპერაცია უშედეგოდ დასრულდა, როცა სააკაშვილი დიდი სცენარის გათვალისწინებით, საქართველოში კონტეინერით შემოიყვანეს, რათა ქვეყანაში არეულობა მომხდარიყო და ეს არეულობა ხელისუფლების ცვლილებით დასრულებულიყო. იმ ხელისუფლების, რომელიც არავის მიმართ მორჩილი არ არის და პირველ რიგში, საკუთარი ქვეყნის ინტერესებს ითვალისწინებს. როგორც ჩანს, დღის წესრიგიდან არ მოხსნილა, რომ არეულობა აუცილებლად მისაღწევია, მაგრამ სცენარის ავტორების მხრიდან სადარდებელია, რომ თუ ისინი სააკაშვილის გათავისუფლებას ვერ მოახერხებენ, შესაძლოა, ცუდად ალაპარაკდეს და ბევრ საკითხზე ისაუბროს, რომელიც შეეხება ავტორებსაც და შემსრულებლებსაც.

რიგი ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსების გამალებული მცდელობა, მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდეს, ხომ არ არის განპირობებული ძველი თუ ახალი ერთობლივი დანაშაულებების გადაფარვისთვის. ამ კითხვებს პასუხები სჭირდება. მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური ავადმყოფი, რომელიც შეპყრობილია ძალადობრივი ბერკეტების მოპოვების სურვილით. სააკაშვილი სასჯელს ოროთახიან ლუქსპალატაში იხდის, მას მედპერსონალი 24 საათის განმავლობაში ემსახურება და ვერც ერთი არგუმენტი ვერ იქნა მოტანილი, რომ მას სჭირდება ისეთი მკურნალობა, რისი რესურსიც საქართველოს არ აქვს. საქართველო სამართლებრივი ქვეყანაა და ასეთ საკითხებს წყვეტს სამართალი და არა პოლიტიკური დაკვეთები“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მსგავსი თემები