,,ასეთი 3-საათიანი სიმულანტობა არ შემხვედრია”- თეა წულუკიანი სააკაშვილზე

კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრების გავრცელებას ეხმიანება. მისი თქმით, მეტი სერიოზულობა მართებს პატიმარს და მის მხარდამჭერებს ციხის გარეთ.

,,ჩემი იუსტიციის მინისტრობის პერიოდში არაერთი პატიმარი მინახავს, რომელიც შიმშილობდა. ზოგიერთ მათგანს კვირების და თვეების მანძილზე უშიმშილია, ზოგჯერ იყო მშრალი შიმშილობა, ზოგჯერ არა, მაგრამ ასეთი სამ-საათიანი მორიგი სიმულანტობა არ შემხვედრია, როდესაც იმ სისტემას ვმართავდი. ისტორიაშიც რამდენად არის უპრეცედენტო, არ ვიცი. მეტი სერიოზულობა მართებს პატიმარს, მეტი სერიოზულობა მართებთ მის მხარდამჭერებს ციხის გარეთ, რომ ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს აკეთებს მისი ჯანმრთელობის და სიცოცხლის დასაცავად, იყოს კიდევ უფრო ძლიერი ამ საქმეში, ვინაიდან პატიმრის მონაწილეობა მისივე ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის პროცესში არის ძალიან მნიშვნელოვანი”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

წულუკიანის თქმით, სააკაშვილი დაკავებულია იმით, რომ როგორმე თავიდან აირიდოს ის კანონიერი სასჯელი, რომელიც, დამოუკიდებელმა სასამართლომ მიუსაჯა.

,,ვამბობ ამას და თან ვფიქრობ, რომ ჩემი კომენტარის მოსმენისას რაიმე ნივთი არ მომხვდეს მისი მხრიდან სახეში, ვინაიდან ჩვენ ვიხილეთ პატიმარი, რომელიც არის აბსოლუტურად არასერიოზული და დაკავებულია იმით, რომ როგორმე თავიდან აირიდოს ის კანონიერი სასჯელი, რომელიც, მისდა გასაკვირად, დამოუკიდებელმა სასამართლომ მიუსაჯა. ეს სასჯელი უნდა იყოს მოხდილი”, – აღნიშნა წულუკიანმა.

 

მსგავსი თემები