,,ქართულ ოცნებას“ არ ჰყოფნის გამბედაობა, ამერიკელებს დაუპირისპირდეს”- ”ხალხის ძალა”

,,სიცრუესა და სიძულვილზე აგებული მედიაგაშუქების სახით, ქვეყანას ჭირს უმძიმესი სენი, თუმცა ამისგან განკურნებას გვიკრძალავენ, „ქართულ ოცნებას“ არ ჰყოფნის გამბედაობა, ამერიკელებს დაუპირისპირდეს, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებაშია ნათქვამი.

”ქართული ოცნებიდან” წასული დეპუტატების  განცხადებით, „ე.წ. ლიბერალური იდეოლოგიის გავრცელების მთავარ ინსტრუმენტად საქართველოში სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ კუთვნილი მედიასაშუალებებია ქცეული“.

დესამშობლოიზაცია“ ამ მედიასაშუალებების მთავარმა ლიდერმა საკუთარ მიზნად ღიადაც დააფიქსირა. ნაცმოძრაობის კუთვნილი ტელევიზიები სრულად ჩაკეტილი არიან ნებისმიერი ალტერნატიული აზრისთვის და ისინი დაუფარავად ებრძვიან ყველაფერ ქართულს, განსაკუთრებით კი – სახელმწიფო ინტიტუტებსა და ეკლესიას, აგრესიულად ცდილობენ, დანერგონ იმგვარი აზროვნება და ფსევდოღირებულებები, რომლებიც ქართული საზოგადოებისთვის ორგანულად არის მიუღებელი.

არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებებში შეგვიძლია ამოვიკითხოთ, რომ მედიაში სიცრუე, ზიზღის ენა და რადიკალიზმი საქართველოსთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა. თუმცა, როგორც კი ვინმე ამ პრობლემის მოგვარების გზებზე დაიწყებს საუბარს, მაშინვე ე.წ. ლიბერალები გამოდიან აგრესიულად ავანსცენაზე და პრობლემის მოგვარებაზე ფიქრსაც კი გვიკრძალავენ. ანუ ყველა თანხმდება უმძიმეს დიაგნოზზე, მაგრამ გვიკრძალავენ სენის მკურნალობას, მიუხედავად იმისა, რომ ამ სენისგან ქვეყანა და საზოგადოება, უმარტივესი საკანონმდებლო რეგულირების გზით, ძალიან იოლად განკურნებადია,”- აღნიშნულია განცხადებაში.

დეპუტატების თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ კუთვნილი ტელევიზიების  შესანახად დიდი ოდენობით შავი ფული იხარჯება, ხოლო რეიტინგების მიხედვით, ჯამში მათ მოსახლეობის 10-15 პროცენტი უყურებს.

,,ყველამ ვიცით, რომ„ნაციონალური მოძრაობის“ კუთვნილი ტელევიზიების შენახვაზე საკმაოდ დიდი შავი ფული იხარჯება. სატელევიზიო რეიტინგების მიხედვით, მათ ჯამში საქართველოს მოსახლეობის 10-15 პროცენტი უყურებს. თუმცა, ეს ადამიანები ამ ტელევიზიების არა მომხმარებლები და დამკვეთები, არამედ მეტწილად მსხვერპლები არიან. „ნაციონალური მოძრაობის“ კუთვნილი ტელევიზიების მთავარი მომხმარებელი და დამკვეთი საელჩოა, რომელიც თავის მთავარ შანსს სწორედ ქართული პოლიტიკის რადიკალიზაციაში და სიცრუითა და სიძულვილით საზოგადოების ინსტრუმენტალიზაციაში ხედავს.

სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში, საელჩოს ფავორიტი რადიკალური ოპოზიციისა და ენჯეოების მხარდამხარ, ყველაზე აქტიურად არის ჩართული სწორედ მათთან დაკავშირებული მედია. სწორედ ეს მედია აღვივებს აქტიურად სიძულვილსა და რადიკალიზმს, რაც ქართულ პოლიტიკურ სისტემას ე.წ. პოლარიზაციის ჩაკეტილი წრის გარღვევის შესაძლებლობას არ აძლევს. აშკარაა, რომ ეს რადიკალიზმი, როგორც ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლის მთავარი ინსტრუმენტი, საელჩოს მიერ არის დაკვეთილი და ნასაზრდოები.

საინტერესოა, რომ ქართული ენჯეოების ყველაზე მსხვილი ამერიკული დონორი ორგანიზაცია – „ნედი“ აფინანსებდა რადიკალური ოპოზიციის კუთვნილი მედიასაშუალებების მიერ 2020 და 2021 წლების არჩევნების გაშუქებას. ყველას ახსოვს აგრესიული ფეიკ-კამპანია არჩევნების ვითომდა გაყალბების შესახებ, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია სწორედ მისი მედიის მეშვეობით აწარმოებდა. როგორც გაირკვა, საელჩომ არა მხოლოდ პარალელური ხმის დათვლის შედეგები (ე.წ. პივიტი) გააყალბა მისი ერთ-ერთი ფავორიტი ენჯეოს მეშვეობით, არამედ არჩევნების ხელოვნური დელეგიტიმაციის მისაღწევად, მედიის შესაბამის ფეიკ-კამპანიასაც აფინანსებდა. საინტერესოა, რომ არჩევნების გაყალბებულად წარმოსაჩენად, „ნედი“ არა მხოლოდ შესაბამის პროგრამებს აფინანსებდა, არამედ რადიკალური ოპოზიციის ტელევიზიების ჟურნალისტებს უშუალოდ ხელფასებსაც კი უხდიდა“,- ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები