“2019 წლის ოქტომბერში საქართველოში კიბერშეტევა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა განახორციელა” – საგარეო უწყება

“2019 წლის ოქტომბერში საქართველოში კიბერშეტევა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა განახორციელა”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა განაცხადა.

„2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელდა ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებგვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე.

კიბერშეტევის შედეგად, დაზიანდა ზემოაღნიშნული ორგანიზაციების სერვერები, მართვითი სისტემები და მნიშვნელოვნად შეფერხდა მათი ფუნქციონირება.

აღნიშნული კიბერშტევა მიზნად ისახავდა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფას, საქართველოს მოსახლეობისათვის ზიანის მიყენებას და სამთავრობო სტრუქტურების, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციების ფუნქციონირების შეფერხებითა და მოშლით საზოგადოებაში მღელვარების დათესვას.

ქართული მხარის მიერ ჩატარებული გამოძიებით და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთთანამშრომლობის შედეგად მიღებული ინფორმაციის შესაბამისად, აღნიშნული კიბერშეტევა დაიგეგმა და განხორციელდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ.

საქართველო გმობს აღნიშნულ კიბერშეტევას, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და ნორმებს და წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტის მორიგ ხელყოფას, მიმართულს ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და დემოკრატიული განვითარების წინააღმდეგ“, – აღნიშნა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

ვლადიმერ კონსტანტინიდმა საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, სათანადო შეფასება მისცეს აშნიშნულ ფაქტს.

მსგავსი თემები