პარლამენტმა სახალხო დამცველობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი დაასრულა

პარლამენტმა სახალხო დამცველობის კანდიდატების გასაუბრების   პროცესი დაასრულა.  პარლამენტში წარდგენილი 19 კანდიდატიდან გასაუბრებაში მონაწილეობა 16-მა კანდიდატმა მიიღო.

 ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს ანა აბაშიძემ,  მარიკა არევაძემ, გიორგი ბურჯანაძემ, ლელა გაფრინდაშვილმა,  სოფიო დემეტრაშვილმა , თინათინ ერქვანიამ,  ევგენია თავაძემ,   ალექსანდრე კობაიძემ, ლევან კოკორაშვილმა,  ნუგზარ კოხრეიძემ, გიორგი მარიამიძემ,  სერგო მახარაძემ , მაკა მინდიაშვილმა, ქეთევან ჩაჩავამ, გიორგი ცობეხიამ და   იაგო ხვიჩიამ სახალხო დამცველის საქმიანობის შესახებ საკუთარი ხედვები და  პრიორიტეტები გააცნეს.

 პარლამენტის რეგლამენტის დროებითი წესის შესაბამისად,  2022 წელს საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობაზე კანდიდატურები პარლამენტს  პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესით წარედგინა. პარლამენტის თავმჯდომარის  ბრძანებით შეიქმნა  9 წევრისგან შემდგარი შეფასების სამუშაო ჯგუფი. ჯგუფმა საქართველოს სახალხო დამცველობის კანდიდატად წარდგენის მსურველი პირები რეგლამენტის დროებით წესში მითითებული კრიტერიუმების მიხედვით შეაფასა.

 კანდიდატებთან დაკავშირებით შეფასებები და დასკვნის პროექტი, სავარაუდოდ, ორშაბათს გახდება ცნობილი, რის შემდეგაც, რეგლამენტის თანახმად, პლენარულ სხდომაზე კენჭისყრის პროცედურა გაიმართება.

 თუ საქართველოს სახალხო დამცველის არჩევისათვის საკმარისი ხმები ერთზე მეტმა კანდიდატმა მიიღო, მაგრამ ხმათა თანაბრად გაყოფის გამო გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, კანდიდატებს ერთად ეყრება კენჭი. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის სამი მეხუთედისა. ხმათა თანაბრად გაყოფის განმეორების შემთხვევაში კენჭისყრის პროცედურა გაგრძელდება გამარჯვებულის გამოვლენამდე. თუ არჩევისათვის საკმარისი ხმები ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო, კენჭისყრიდან არაუადრეს 7 და არაუგვიანეს 14 დღისა არჩევის პროცედურა ხელახლა იწყება.

 სახალხო დამცველის 6 წლის ვადით ასარჩევად 90 ხმაა საჭირო.

მსგავსი თემები