„კვლავ ფიქსირდება ყოველდღიურად 300-400 ათასი ახალი შემთხვევა და 1000-დან 1500-მდე გარდაცვალება“ – თენგიზ ცერცვაძე  

​ინფექციონისტ თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მეშვიდე თვეა, საქართველო ვირუსით გარდაცვალების მინიმალურ ნიშნულს ინარჩუნებს. მისივე შეფასებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ მოსალოდნელია ახალი ტალღა, რამდენად გამართლდება არავინ იცის. კორონავირუსთან დაკავშირებით ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი სოციალურ ქსელში წერს.

„COVID პანდემია ჯერ კიდევ გრძელდება მსოფლიოშიც და საქართველოშიც. ბოლო თვეებში მსოფლიოში აღინიშნებოდა COVID ახალი შემთხვევების და გარდაცვალების შემთხვევების კლების ტენდენცია, თუმცა კვლავ ფიქსირდება ყოველდღიურად 300-400 ათასი ახალი შემთხვევა და 1000-დან 1500-მდე გარდაცვალება.

ბოლო კვირებში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირის ქვეყნებში (გერმანია, იტალია, საფრანგეთი და სხვ.) იზრდება კორონავირუსით დაინფიცირების, ჰოსპიტალიზაციის და გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობა და უახლოეს კვირებში მოსალოდნელია კორონავირუსის ახალი ტალღა, რომელიც ომიკრონის შტამის ახალი ქვევარიანტით (სავარაუდოდ BQ.1.1) იქნება გამოწვეული. რამდენად გამართლდება ასეთი პროგნოზი, ჯერ უცნობია. საქართველოში ოქტომბრის თვეში ფიქსირდებოდა COVID ახალი შემთხვევების კლების ტენდენცია – საშუალოდ 200-დან 500-მდე ახალი შემთხვევა დღეში.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოში უკვე მე-7 თვეა სტაბილურად ვინარჩუნებთ COVID-19-ით გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობას მინიმალურ ნიშნულზე შემდგომი კლების ტენდენციით. ასე მაგალითად: ბოლო კვირაში იყო 3 გარდაცვალება, ხოლო ბოლო ერთი თვის განმავლობაში – სულ 13 გარდაცვალება, ანუ ორ დღეში ერთ გარდაცვალებაზე ნაკლები.

სადღეისოდ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მოსახლეობის COVID უსაფრთხოება საიმედოდაა უზრუნველყოფილი ჯანდაცვის სისტემის მიერ. უკლებლივ ყველა პაციენტს მიეწოდება დროული და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება და ჩვენებების შემთხვევაში ხდება მათი პროაქტიური მკურნალობა ყველაზე თანამედროვე მეთოდებით და მედიკამენტებით (პაქსლოვიდი, რემდესივირი, დექსამეტაზონი, ბარიციტინიბი, ტოცილიზუმაბი და სხვა)“ – აცხადებს იფექციონისტი.

მისივე შეფასებით,  კორონავირუსით გარდაცვალების ერთეული შემთხვევები, დაგვიანებული ტესტირებითა და კლინიკებისთვის მიმართვით არის გამოწვეული.

„მინდა მოსახლეობამ იცოდეს, რომ საქართველოში ბოლო თვეებში დაფიქსირებულ COVID-19-ის ერთეულ გარდაცვალების შემთხვევებსაც თითქმის ყოველთვის ადგილი ჰქონდა იმ პაციენტებში, რომლებმაც გვიან ჩაიტარეს COVID-ზე ტესტირება, გვიან შევიდნენ ან საერთოდ არ შესულან კომუნიკაციაში ექიმთან და შესაბამისად დაგვიანებით მიმართეს COVID კლინიკას. პრაქტიკულად არცერთ ავადმყოფთან, რომლებმაც პირველივე სიმპტომების გაჩენისთანავე ჩაიტარეს COVID-ზე ტესტირება და დადებითი პასუხის შემთხვევაში პირველივე დღეებში მიმართეს ექიმს და ასრულებდნენ მის რეკომენდაციებს, მათ შორის ჩვენებების შემთხვევაში იღებდნენ პაქსლოვიდს ან რემდესივირს, ლეტალური შედეგი არ დამდგარა” – განმარტავს ცერცვაძე.

მსგავსი თემები