„კელი დეგნანის გუშინდელი პასუხი იყო ქართველი ამომრჩევლის შეურაცხყოფა“ – დიმიტრი ხუნდაძე

„ქართული ოცნებიდან“  წასული დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე ამერიკის ელჩის განცხადებას აფასებს და აცხადებს, რომ კელი დეგნანის გუშინდელი პასუხი ქართველი ამომრჩევლის შეურაცხყოფაა და პოლარიზაციის გაღრმავებისკენ არის მიმართული.

„ველოდი პასუხებს და მივიღე ხალხისგან არჩეული დეპუტატის შეურაცხყოფა. უფრო მეტიც, ეს არ იყო მხოლოდ ერთი დეპუტატის მიმართ გამოხატული უპატივისმცემლობა, ამ პასუხმა შეურაცხყო მთლიანად ქართველი ამომრჩეველი. არა მგონია, დემოკრატიის პრინციპებში სადმე ამას ვკითხულობდეთ და ეს იყოს დასავლური სტანდარტი, როცა უმაღლესი დონის დიპლომატი დეპუტატის მიერ გაგზავნილ წერილს არც კი კითხულობს და ამას საჯაროდ აჟღერებს. ასეთი დამოკიდებულებით ქართველ ხალხში ევროატლანტიკური გზისკენ ლტოლვა ზიანდება. ეს კი საფრთხის შემცველია ჩვენი სახელმწიფოსთვის“ – აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

მისივე შეფასებით, ყაველაშვილის კითხვები იყო ლეგიტიმური და ეს ის კითხვებია, რომელიც საზოგადოებას აწუხებს.

„როდესაც პასუხებს თავს არიდებთ ან ზოგადად, როდესაც პასუხები არ გაქვთ, გადადიხართ შეურაცხყოფაზე. თუ ეს დუმილი ან იგნორი, მით უმეტეს, შეურაცხყოფა დიპლომატისგან ხდება, მაშინ იმიჯი უზიანდება იმ ქვეყანას, რომელსაც ის წარმოადგენს. კითხვებზე პასუხია საჭირო. თუნდაც ორ კითხვაზე: მისაღებია თუ არა თქვენთვის სახალხო დამცველის მიერ ღიად გაჟღერებული ომის რიტორიკა? როცა ის ამბობს,რომ „დგება მომენტი, ბომბებისგან მიღებული ცეცხლი ჯობდეს სირცხვილს“ და სირცხვილს არქმევს იმას, რომ საქართველო თავის საზიანოდ არ შეუერთდა ახალ სანქციებს. და ასევე, მხარს უჭერთ თუ არა ტექნიკური მთავრობის შექმნას?

თქვენგან ველი პასუხებს და თუ აშშ-ის ელჩი პასუხებს არ გასცემს ხალხის მიერ არჩეული დეპუტატების კითხვებს, მაშინ ხალხში გაჩნდება კიდევ უფრო მეტი კითხვები. ეს კი საზოგადოებაში პროტესტს იწვევს. ამიტომ, მოვუწოდებ ქალბატონ დეგნანს, ღიად დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია ყველა იმ კითხვაზე, რაც აწუხებს ქართველ ხალხს“,- აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

შეგახსენებთ, რომ  დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა კელი დეგნანს ღია წერილით  მიმართა. კელი დეგნანი აცხადებს, რომ „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატის, მიხეილ ყაველაშვილის წერილი სავსე იყო ტყუილებით და ის ბოლომდე არც კი წაუკითხავს.

„აშშ აქ არის საქართველოს მოსახლეობის მხარდასაჭერად და არა კონკრეტული პოლიტიკური პარტიის“ – კელი დეგნანი გაკვირვებულია

მსგავსი თემები