„აშშ აქ არის საქართველოს მოსახლეობის მხარდასაჭერად და არა კონკრეტული პოლიტიკური პარტიის“ – კელი დეგნანი გაკვირვებულია

„წერილი იყო ტყუილებით და შეთქმულების თეორიებით სავსე. მისი ბოლომდე წაკითხვაც ვერ შევძელი“ – აცხადებს ამერიკის ელჩი „ქართული ოცნებიდან“ წასული მიხეილ ყაველაშვილის წერილზე.

როგორც კელი დეგნანი მედიასთან აცხადებს, უცნაურია, რომ „ქართული ოცნების“ სავარაუდოდ ყოფილი დეპუტატების ნარატივი ძალიან ახლოს მიჰყვება მმართველი პარტიის ლიდერების ნარატივს.

„წერილი იყო ტყუილებით და შეთქმულების თეორიებით სავსე. მისი ბოლომდე წაკითხვაც ვერ შევძელი, ჩემთვის ძალიან საწყენი იყო. ის ცხადად ვერ იგებს, რომ აშშ აქ არის საქართველოს მოსახლეობის მხარდასაჭერად და არა კონკრეტული პოლიტიკური პარტიის. ჩვენ აქ ვართ დამოუკიდებელი ინსტიტუტების მხარდაჭერისთვის, რომელიც დაფუძნებულია თქვენი კონსტიტუციით, როგორიცაა სახალხო დამცველის ოფისი“ – აცხადებს ელჩი.

კელი დეგნანის შეფასებით, ეს ინსტიტუტი არსებობს და აქვს კონსტიტუციური მანდატი, რომ დაიცვას საქართველოს ყველა მოქალაქე.

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რადგან ის როგორც ჩანს, ცდილობს დეზინფორმაციის გამეორებას, რომელიც იდენტიფიცირებულია, როგორც ცხადი ტყუილი. აშშ-ს და ევროპას არ სურთ საქართველოს ჩათრევა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ შეძლებისდაგვარად, რომ შევაჩეროთ ეს ომი, რომ მოხდეს მისი გავრცელების პრევენცია. ჩემთვის ძალიან უცნაურია, რომ „ქართული ოცნების“ სავარაუდოდ, ყოფილი დეპუტატების ნარატივი ძალიან ახლოს მიჰყვება მმართველი პარტიის ლიდერების ნარატივს, რომლებიც ასევე იმეორებენ დეზინფორმაციას, რომელიც იდენტიფიცირებულია როგორც ტყუილი. რა არის მათი მოტივი, რომ აგრძელებენ ამის გამეორებას, რაც ტყუილია?  ეს არის ჩემი შეკითხვა. რაც ვიცი ისაა, რომ როგორც ჩანს, რასაც ის ამბობს, ამას ემხრობიან მმართველი პარტიის ლიდერები. ასე რომ, არ ჩანს თითქოს, ის დისტანცირებულია პარტიისგან, როგორც ამას თავად ამბობს“, – აცხადებს კელი დეგნანი.

მსგავსი თემები