„ეს არის ბრძოლის დასაწყისი“ – გიორგი სააკაშვილი

„არასდროს დავუშვებთ მიშას ფატალური შედეგით დასრულებას“ – ეს განცხადება პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ძმამ, გიორგი სააკაშვილმა ბათუმში მიმდინარე აქციაზე გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, მიშასთვის ბრძოლა ახლა იწყება.

„ეს არის ბრძოლის დასაწყისი. არ დავუშვებთ მიშას ფატალური შედეგით დასრულებას. მე მაქვს თითოეული თქვენგანის იმედი. მე ვიღებ პასუხისმგებლობას, ოჯახის სახელით ჩავუდგე სათავეში მოძრაობას, რომელიც მიაღწევს, რომ მიშა  გვყავდეს ჯანმრთელი. ჩვენ ვართ ძალიან ცუდად, ვინაიდან მიშა არის ციხეში. მისი ადგილი იქ ნამდვილად არ არის. ეს არის რუსი ოლიგარქის დამსახურება, რომელმაც წაართვა ამ ადამიანს სიცოცხლის უფლება, მაგრამ ჩვენ დავიცავთ ბოლომდე“ – განაცხადა გიორგი სააკაშვილმა აქციაზე.

მისივე თქმით, აქციები ბათუმიდან დაიწყო და ის მთელ საქართველოს მოივლის.

„ვიბრძოლებთ ბოლომდე, ვიბრძოლებთ მიშას ჯანმრთელობისთვის.  პირობა მოგეცით, რომ დღეს შემოვუერთდებოდი ბათუმს. ეს არის დასაწყისი ჩვენი ბრძოლის, ვინაიდან ბათუმი ითვლება თავისუფლების სიმბოლოდ. ბათუმიდან აუცილებლად წავალ ზუგდიდში, ქუთაისში, ლანჩხუთში, კახეთში, აბსოლუტურად ყველა ქალაქში. ჩვენ ვითხოვთ მიშას ჯანმრთელობას, ჩვენ ვითხოვთ ადამიანის უფლებას, იცოცხლოს“ – განაცხადა გიორგი სააკაშვილმა ბათუმის აქციაზე.

 

მსგავსი თემები