ავღანეთის ცენტრალური ბანკის აქტივების იმ ნაწილიდან, რომელიც აშშ-შია გაყინული, ნახევარი ავღანეთის ჰუმანიტარული დახმარებისთვის, მეორე ნახევარი კი 11 სექტემბრის ტერაქტის მსხვერპლთა ოჯახების დასახმარებლად უნდა გამოიყენონ. აღნიშნული განკარგულება აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გასცა.
პრეზიდენტის განკარგულებაში ნათქვამია, რომ თუკი სასამართლოს გადაწყვეტილებით შესაძლებელი გახდება, ადმინისტრაცია შეეცდება ნიუ-იორკის ფედერალური სარეზერვო სისტემაში არსებული ავღანური აქტივები, 3.5 მილიარდი აშშ დოლარი, ავღანელი ხალხისა და ავღანეთის მომავლის სასარგებლოდ იქნას გამოყენებული.
მეორე ნახევარი, 3.5 მილიარდი აშშ დოლარი, აშშ-ში დარჩება და ხელმისაწვდომი გახდება ტერაქტის მსხვერპლთა ოჯახებისთვის, რომლებიც გაყინული თანხების გამოყენებით კომპენსაციის მიღებას სასამართლოში ითხოვენ და მათი საჩივრები კვლავ განხილვის პროცესშია.