„მცხეთის გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფს „აქოლისს“ ისევ გაუჭირდა და საშველად ტელევიზიებს უხმო“ – დიმიტრი ხუნდაძე

პარლამენტის წევრი, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე მცხეთის განვითარების გენერალური გეგმის ე.წ. გაყინულ და მცხეთისა და მცხეთელების საწინააღმდეგოდ მიმართულ დოკუმენტთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს და ჯგუფ „აქოლისის“ მორიგ შეტევაზე საუბრობს.

„მედიაცენტრი მთავარი“ დეპუტატის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

„მსურს გამოვეხმაურო მცხეთის გენგეგმასთან დაკავშირებით, ტვ „ფორმულა“-ზე გასულ სიუჟეტს, რომელიც ძირითადად ჩემი შავი პიარით დაკავდა, ვიდრე „აქოლისის“ მიერ გენგეგმაში არსებული საეჭვო „ბიზნეს კარიბჭეების“ თემით, რომელიც ტურისტული მარშრუტების კონტროლს ისახავს მიზნად.

მცხეთისა და მცხეთელების წინააღმდეგ შედგენილი დოკუმენტი არ „იფუთება“ და ვერც ჩემზე გალაშქრება გამოდგება მის „გასაპრავებლად“. ასეთი მიდგომა ქალაქის, მისი კულტურული მემკვიდრეობის და მცხეთელების ინტერესების დაცვისგან ხელს ვერ ამაღებინებს. მე ამ ვალდებულებას შევასრულებ ბრძოლის წესების დაცვით, წესიერების მაღალი სტანდარტით და არა „მომლოცველთა აუზებით“ ან კერძო ინტერესებზე მორგებული „ბიზნესკარიბჭეებით“, რომელიც შესაძლოა მცხეთელების ბორკილებად იქცეს.

თუ ჩემი არ გესმით, იქნებ იუნესკოს ექსპერტის ჩანაწერს მაინც მიაქციოთ ყურადღება: „ეკლესიის დაცვა უნდა განხორციელდეს, უდიდესი კულტურული და სიმბოლური ღირებულების გამო და არ უნდა მოხდეს მისი ინსტრუმენტად გამოყენება ტურისტული ნაკადების განაწილების საეჭვო მიზეზით“. ეს დანიელ პინის ჩანაწერია დასკვნაში, რომელიც არც მცხეთელია და არც მესაკუთერე. მან მცხეთის გენგეგმაზე დასკვნა მოამზადა, სადაც შენიშვნების კასკადია“ – წერს დიმიტრი ხუნდაძე.

შეგახსენებთ, რომ სწორედ „აქოლისი“ გახლავთ ჯგუფი, რომელიც წლებია, მცხეთის განვითარების გენერალური გეგმის დოკუმენტზე მუშაობს. დახარჯულია დიდი ოდენობის საბიუჯეტო თანხა და წლები, თუმცა, ის, რაც მან წარმოადგინა, იუნესკოს კრიტიკის მიზეზიც გახდა, თუმცა, ამ დრომდე არაფერი იცვლება.

 

მსგავსი თემები