კინოსა და თეატრის უნივერსიტეტის, კინოს მუზეუმში (აღმაშენებლის გამზირი N40), 18-22 ოქტომბერს, მართლმადიდებლური ფილმების მე-13 საერთაშორისო ფესტივალი “წმინდა ანდრიას ჯვარი”, 18 საათზე იხსნება.
როგორც “მთავარს” ფესტივალის დამფუძნებელი და ორგანიზაცორი ასოციაცია “მეოხის” წარმომადგენელმა განუცხადა, წლების განმავლობაში ფესტივალში მონაწილეობდნენ საქართველოს, უკრაინის, ბელორუსიის, სერბეთის, უნგრეთის, რუსეთის და სხვა ქვეყნების დამწყები თუ პროფესიონალი რეჟისორები, კინორეჟისორები, სტუდენტები, მოსწავლეები და სასულიერო პირები. ჟიურის შემადგენლობაში კი უცხოეთიდან იწვევენ გამარჯვებული ფილმების, “გრან-პრის” მფლობელ რეჟისორებს.
ამჯერად, ყოველ საღამოს საკონკურსოდ წარმოდგენილია ქართველი და პოლონელი კინოხელოვანების, ჟურნალისტებისა და სასულიერო პირების მიერ შექმნილი ნამუშევრები, დოკუმენტური ფილმები და სატელევიზიო გადაცემები.
როგორც ფესტივალის ორგანიზატორები „მთავართან“ საუბრისას აცხადებენ, ჟიურის წევრები და საორგანიზაციო კომიტეტი გამარჯვებულ ავტორებს 22 ოქტომბერს გამოავლენენ. სწორედ მათი დაჯილდოვების შემდეგ ფესტივალი დაიხურება.
თუმცა, ფესტივალიდან ფესტივალამდე, ასოციაცია “მეოხი”, რომელიც ფესტივალს 2006 წლიდან ატარებს, მიზნად ისახავს, პატრიარქის კურთხევის საფუძველზე, გამარჯვებული ფილმების ჩვენება გამართოს როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში არსებულ ქართულ ეპარქიებში.
მსგავსი საფესტივალო ჩვენება არაერთხელ ჩატარდა საქართველოში და თურქეთის სხვადასხვა ქალაქებში მცხოვრები ქართველებისთვის. პროექტის განსახორციელებლად, ორგანიზატორები აუცილებლად მიიჩნევენ სახელმწიფო ორგანიზაციებისა და ბიზნესმენების მხარდაჭერას.