ამერიკამ საქართველოს ორი სადარაჯო ხომალდი აჩუქა

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ საქართველოს „აილენდის” კლასის ორი სადარაჯო ხომალდი გადასცა. ხომალდების გადმოცემის ოფიციალური ღონისძიება ფოთში, სანაპირო დაცვის ბაზაზე გაიმართა.

„აილენდის” კლასის ხომალდები – „დიოსკურია” და „ოჩამჩირე” გამორჩეულია თავისი ტექნიკური შესაძლებლობებით, აღჭურვილია თანამედროვე სანავიგაციო და კავშირგაბმულობის სისტემებით. ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნეს. ხომალდების გადმოცემის ცერემონიალში მონაწილეობა აშშ-ის საელჩოს, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის, სხვადასხვა ქვეყნის თავდაცვის ატაშეებმა და საქართველოში აკრედიტებულმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა მიიღეს.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ აღნიშნა, ახალი შენაძემით ქართულ მხარეს შესაძლებლობა ექნება, საერთაშორისო საზღვაო მისიებსა და შავი ზღვის აუზის პარტნიორი ქვეყნების საწვრთნელ პროგრამებში მიიღოს მონაწილეობა:

„აღნიშნული ხომალდები მნიშვნელოვნად გააძლიერებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სანაპირო დაცვის ოპერაციულ შესაძლებლობებს, გაზრდის ქვეყნის სანაპირო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხარისხს, ამასთან, ქართულ მხარეს შესაძლებლობა ექნება, საერთაშორისო საზღვაო მისიებსა და შავი ზღვის აუზის პარტნიორი ქვეყნების საწვრთნელ პროგრამებში მონაწილეობა მიიღოს.

ახალი ხომალდების ეკიპაჟის წევრებმა, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გადამზადების სპეციალური, 10-კვირიანი პროგრამა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბალტიმორის ბაზაზე გაიარეს. აშშ-ს მთავრობის მიერ სადარაჯო მცურავი საშუალებების გადმოცემა კიდევ ერთხელ ადასტურებს ამერიკის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ნატოსთან თავსებადობის გაძლიერებისა და ევროატლატიკური ინტეგრაციის პროცესში“.

 

მსგავსი თემები