„გაშვებული შესაძლებობა დემოკრატიის გზაზე“ – „სამართლიანი არჩევნების“ შეფასება

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი  არჩევნები“ ქვეყანაში ჩატარებულ არჩევნების მეორე ტურს არადემოკრატიულად აფასებს და აცხადებს, რომ ეს არის გაშვებული შესაძლებლობა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე.

როგორც „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო დოლიძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, საარჩევნო კომისიებში შეტანილია 161 საჩივარი.

„ტექნიკური ადმინისტრირების თვალსაზრისით არჩევნები ძირითადად კანონით დადგენილი წესების შესაბამისად წარიმართა, თუმცა, არჩევნების დღეს გამოვლენილ პირთა საეჭვო შეკრების, ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის, მობილიზებისა და აღრიცხვის ფაქტები ნეგატიურად აისახა ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოვლენაზე, რასაც ზოგიერთ მუნიციპალიტეტში მცირე სხვაობის პირობებში, შესაძლოა, შედეგებზე ზეგავლენა მოეხდინა. კენჭისყრის პროცესის დროს განსაკუთრებით საგულისხმო იყო მარკირების მქონე პირთა მიერ ხმის მიცემის, კენჭისყრაში განმეორებით მონაწილეობის და მარკირების შემოწმების დარღვევების ფაქტები. ასევე დაფიქსირდა ამომრჩეველთა სიებთან და გადასატან საარჩევნო ყუთთან დაკავშირებული არაერთი დარღვევა“ – განმარტა დოლიძემ.

მისივე თქმით, ადგილი ჰქონდა დამკვირვებლებისა და ჟურნალისტების მიმართ შეურაცხყოფასა და ზეწოლის ფაქტებს.

„ასევე, დაფიქსირდა ბიულეტენების არასწორად ან სავარაუდოდ, მიზანმიმართულად გაბათილების შემთხვევები. არჩევნების დღეს გამოვლენილი ტენდენციების ერთობლიობამ დააზიანა საარჩევნო პროცესების მიმართ ნდობა. „სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ არჩევნების მეორე ტური არის გაშვებული შესაძლებლობა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე“ – განაცხადა დოლიძემ ბრიფინგზე.

მსგავსი თემები