ქუთაისის კლინიკა „ბომონდში“ კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი კოვიდინფიცირებული ორსული გადაარჩინეს

ქუთაისელმა მედიკოსებმა კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი კოვიდინფიცირებული ორსული გადაარჩინეს.

38 კვირის კოვიდდადებითი ორსული „კლინიკა ბომონდში“ ბათუმის მრავალპროფილიანი სამშობიარო სახლიდან შეიყვანეს.

„კლინიკაში შემოყვანის მომენტში ორსულს მწვავე პნევმონია და სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა. კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ ორსულს დახმარება გაუწიეს კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, მეან-გინეკოლოგმა მამუკა მიქაძემ და გინეკოლოგმა თეონა ლორთქიფანიძემ“, – აცხადებენ კლინიკაში.

თეონა ლორთქიფანიძის განცხადებით, ორსულს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა და ოპერაცია წარმატებით დასრულდა.

„დედის მდგომარეობიდან გამომდინარე, დაიგეგმა საკეისრო კვეთა, რომელიც წარმატებით დასრულდა. ახალშობილს და დედას ჩაუტარდათ ყველა საჭირო კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები. ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება დედას, მას უგრძელდება მკურნალობის კურსი“, – განაცხადა თეონა ლორთქიფანიძემ.

„კლინიკა ბომონდის“ სტაციონარში ამ დროისათვის კოვიდდადებითი 60 პაციენტი გადის მკურნალობას.

მსგავსი თემები