„ავარიაში მოყვა, თავზე ოპერაცია ჩაუტარდა და სავარაუდოდ, გარკვეული პრობლემები შეექმნა“ – რას ამბობს დაკავებულზე დამსაქმებელი

ყვარელში, „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელის შესახებ „პრაიმტაიმისთვის“ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. შოთა დემინაშვილი, იმ სასტუმროს მფლობელი, სადაც დაკავებული, 49 წლის შალვა მელიქიშვილი წლების განმავლობაში მზარეულად მუშაობდა, ამბობს, რომ მელიქიშვილს ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ თავის არეში ოპერაცია ჩაუტარდა და სავარაუდოდ, გარკვეული ფსიქოლოგიური პრობლემები შეექმნა.

„ჩემთან მუშაობდა. სამუშაოდ ავიყვანე, რადგან კარგი მზარეული იყო და სამსახურთან ახლოს ცხოვრობდა. ორი წლის წინ გავუშვი სამსახურიდან. სასმელს როგორცვე დალევდა „ზაპოი“ ჰქონდა და მდგომარეობიდან ვეღარ გამოდიოდა. არ არის გამორიცხული, ბანკში შეჭრამდე სწორედ ამ მდგომარეობაში ყოფილიყო“, – განაცხადა დემინაშვილმა.

მელიქიშვილი დღეს „საქართველოს ბანკის“ ყვარლის ფილიალზე თავდასხმისთვის დააკავეს. ის ფილიალში, ხელყუმბარით შევარდა და მძევლები აიყვანა. მათი განთავისუფლების სანაცვლოდ, თავდამსხმელი ნახევარ მილიონ ლარს ითხოვდა. სპეცოპერაციის შედეგად, ყველა მძევალი უსაფრთხოდ გათავისუფლდა.

მსგავსი თემები