უკანონო ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 3 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ბორჯომში, წყალტუბოსა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო – ინფორმაციას ამის შესახებ თავად უწყება აქვეყნებს, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ საქმეზე 3 პირი დააკავეს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სხვადასხვა დროს, ბორჯომში, წყალტუბოსა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს. სამართალდამცველებმა წარსულში ნასამართლევი 3 პირი დააკავეს: 1964 წელს დაბადებულ, ჯ.პ.-ს ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში ედება, ხოლო 1991 წელს დაბადებულ ზ.კ. და 1982 წელს დაბადებული გ.ღ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვასა და ტარებაში არიან ბრალდებული.

დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ლენტეხის მუნიციპალიტეტში ბრალდებული ჯ.პ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს: “ნაგანის” სისტემის რევოლვერი, კალაშნიკოვის სისტემის “აკს”-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, “კარაბინის” სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, გლუვლულიანი თოფი, მჭიდი და 914 საბრძოლო ვაზნა.

ქუთაისის პოლიციის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, წარსულში ნასამართლევი ზ.კ. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ავტომობილით გადაადგილებისას შეაჩერეს. პოლიციამ, აღნიშნული ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო კალაშნიკოვის სისტემის “აკ-45”-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 9 საბრძოლო ვაზნა.

სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ბორჯომის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბორჯომში, გრიგოლ რობაქიძის ქუჩაზე, ბრალდებული გ.ღ.-ის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს „ჩეზეს“ სისტემის პისტოლეტი და მჭიდი.

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს,”- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი თემები