20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ამნისტიის კანონპროექტზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მესამე მოსმენით იმსჯელებს

20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ამნისტიის შესახებ კანონპროექტის განხილვა საქართველოს პარლამენტში გრძელდება. აღნიშნულ ინიციატივაზე დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მესამე მოსმენით იმსჯელებენ.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ აღნიშნული კანონპროექტი მათთვის კვლავ მიუღებელია. ნონა მამულაშვილის თქმით, ამნისტიის შესახებ კანონპროექტზე მსჯელობის განახლებით „ქართული ოცნება“ ცდილობს, ნიკა მელიას პოლიტიკური ზიანი მიაყენოს.

„ეს კანონი იყო და რჩება ჩვენთვის მიუღებელი, რადგან ის იყო გამიზნული მხოლოდ ერთადერთი ადამიანის წინააღმდეგ. ეს იყო ნიკა მელიას წინააღმდეგ შექმნილი კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც „ქართული ოცნება“ ფაქტობრივად ცდილობს, ნიკა მელიას პოლიტიკური ზიანი მიაყენოს. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება“ არის სრულ აგონიაში, რადგან წინასაარჩევნოდ იყენებს აბსოლუტურად ყველა მეთოდს, რათა ოპონენტები დევნოს, ოპონენტები დააკნინოს, რადგან მათ იციან, რომ ეს არჩევნები წაგებული აქვთ და ერთადერთი გამოსავალი, რაც „ქართულ ოცნებას“ ახასიათებს, არის რეპრესიები, დევნა, პოლიტიკური ინსტრუმენტების გამოყენება, იგივე სასამართლოსი, იგივე ამ კანოპროექტის, რომლის გატანასაც აპირებენ დღეს. ეს უკვე ფაქტობრივად არის რეპრესიული რეჟიმი, რომელიც არაფრით არ განსხვავდება ლუკაშენკოს რეჟიმისგან. ჩვენთვის ეს კანონპროექტი არის მიუღებელი. შესაბამისად, მე ვერ ვხედავ, რა აზრი ექნება ჩვენს დასწრებას ამ განხილვაზე“, – განაცხადა ნონა მამულაშვილმა.

ამნისტიის შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული პროექტი ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან იმ პირების გათავისუფლებას, რომლებმაც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების დროს ჩაიდინეს დანაშაული და ამ კანონით დადგენილი წესით, უარს არ აცხადებენ მათ მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე.

მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ ამნისტიის კანონპროექტი შარლ მიშელის დოკუმენტიდან გამომდინარეობს. გურამ მაჭარაშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ განაგრძობს იმ პუნქტების შესრულებას, რომელიც დოკუმენტითაა გაწერილი.

„ეს ამნისტია შეეხება მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც უშუალოდ 20 ივნისის პროცესებში მონაწილეობდნენ. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ სხვა დანარჩენი განცხადებები და კომენტარები არის სპეკულაცია და ემსახურება მხოლოდ იმას, რომ რაღაცნაირად დღის წესრიგი შექმნან. რეალურად ჩვენ ვქმნით და მივყვებით იმ დღის წესრიგს, რომელიც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის შარლ მიშელთან შეთანხმდა და გამომდინარე აქედან, ამნისტიის კანონპროექტიც უკვე მესამე მოსმენით გამოდის ჯერ იურიდიულ კომიტეტზე, ხოლო შემდგომ უკვე სხდომათა დარბაზში“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მსგავსი თემები