„ქვეყანაში მოსამართლეების მწვავე დეფიციტია“ – ირაკლი ქადაგიშვილი

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილის მოსამართლეების დამტკიცების საკითხს ეხმიანება და აცხადებს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტი მოსამართლეების დამტკიცებას არ კრძალავს.

„სწორედ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე მოვახდინეთ მთელი რიგი ახალი კანონპროექტების ინიცირება. გავხსენით დამატებით ფანჯარა და დრო, რომ ყველა მსურველს ჰქონოდა შესაძლებლობა შემოეტანათ თავიანთი განცხადებები მოსამართლეობასთან დაკავშირებით. დრეს ქვეყანაში მწვავე დეფიციტია მოსამართლეების. პირველი მოთხოვნა, რაც სასამართლოთი მოსარგებლე მოქალაქეებს აქვთ, ეს არის, რომ სასამართლო პროცესები წარიმართოს სწრაფად. ამისათვის საჭიროა სასამართლო რეფორმის პარალელურად, სასამართლო კორპუსის შევსებაც მოხდეს. შარლ მიშელის დოკუმენტში არსად წერია, რომ მოსამართლეთა დანიშვნა უნდა გავაჩეროთ,”- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა მედიასთან.

შეახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭოში დრეს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურა გაიმართა. სხდომაზე მხარი უკვე დაუჭირეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 კანდიდატს: გიორგი გოგიაშვილს, გოჩა აბუსერიძეს, ლევან თევზაძეს, ქეთევან მესხიშვილს, გიორგი შავლიაშვილს, რევაზ ნადარაიას, ბიძინა სტურუას, ეკა ზარნაძეს და ლაშა ქოჩიაშვილს.  

მსგავსი თემები