„საეკლესიო დღესასწაულებზე 2 მეტრიანი კელაპტრებით, სანდომიანი სახით დგომა საკმარისი არ არის“ – ვასაძე ხელისუფლებას ეკლესიის დაცვისკენ მოუწოდებს

საზოგადოებრივი მოძრაობის – „ერთობა, რაობა, იმედი“ – დამფუძნებელი ლევან ვასაძე ხელისუფლებას მიმართავს და მოუწოდებს, ეკლესია დაიცვას. როგორც ვასაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საეკლესიო დღესასწაულებზე 2 მეტრიანი კელაპტრებით, სანდომიანი სახით დგომა საკმარისი არ არის და სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას ეკლესია.

ერთ-ერთი თემა, რომელზეც დღეს ლევან ვასაძემ მედიასთან ისაუბრა, სწორედ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ირგვლივ განვითარებული მოვლენები და ეკლესიაზე შეტევა გახდა.

„ბავშვთა სახლებში სექსუალურ და სხვა სახის სკანდალებზე აპელირება ეკლესიაზე დარტყმის ლიბერალური გლობალისტური ძალების მხრიდან ტრადიციული იარაღია. ჩვენ უვიცები და ბრმები უნდა ვიყოთ, რომ იმას, რაც ხდება ბავშვთა სახლის გარშემო განვიხილავდეთ მხოლოდ, რაღაც ლოკალურ ინციდენტს. გვესმის დაუმტკიცებელი ინფორმაცია, მსგავსი განცხადებები აუცილებლად უნდა გახდეს, კომპეტენტური ორგანოების მხრიდან გამოძიების საგანი.

მინდა მივმართო ჩვენს ხელისუფლებას და მოვუწოდო, სირაქლემის პოზიციიდან გამოვიდეს და გადადგას უფრო ქმედითი ნაბიჯები, რათა დაიცვას თავისი პარტნიორი კონკორდატის შეთანხმების ფარგლებში. მინდა, ვუთხრა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, პირველ რიგში, „ქართულ ოცნებას“ საეკლესიო დღესასწაულებზე 2 მეტრიანი კელაპტრებით, სანდომიანი სახით დგომა და პატრიარქთან შეხვედრებზე ძახილი, რომ ეკლესია უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტია საკმარისი არ არის. სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას თავისი ეკლესია! მას ამისათვის ყველა ინსტიტუტი გააჩნია“, – განაცხადა ვასაძემ ჟურნალისტებთან.

მსგავსი თემები