„ძალიან კარგად მესმის, რატომ ვერ იწვევს ქალბატონი ნინო ლომჯარია ნდობასა და სიმპათიას“ – ლევან ვასაძე

საზოგადოებრივი  მოძრაობა „ერთობა, რაობა, იმედის“ – დამფუძნებელი ლევან ვასაძე აცხადებს, რომ სახეზეა ყველაფერი, რის გამოც, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მოსახლეობის ნდობასა და პატივისცემას ვერ იმსახურებს.

მისივე შეფასებით, ეკლესიაზე შეტევის სათავეში დგას ადამიანი, რომელსაც  სახალხო დამცველი ჰქვია.

„ეს ადამიანი არის სახალხო დამცველი ქვეყანაში, რომელიც გვეუბნება, რომ მეტი საქმე აღარ დარჩა უფლებების აღდგენის თვალსაზრისით, გარდა იმისა, რომ მტკიცებულებების გარეშე, მღვდელმთავარს, რომელმაც ცხოვრება შესწირა ბავშვების აღზრდას, დევნოს და დაუნგრიოს რეპუტაცია. შავით თეთრზეა ყველაფერი.  ჩვენ არ ვართ მომხრე ნამდვილი სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისა, ჩვენ ვართ მომხრენი, რათა ისჯებოდეს ცილისწამება, შეურაცხყოფა და შუღლის გაღვივება. ვფიქრობ, რომ ამ ე.წ. სახალხო დამცველმა წლების განმავლობაში შეიქმნა სამწუხაროდ, ისეთი რეპუტაცია, რომ ხალხი მას არ ენდობა“, – განაცხადა ვასაძემ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის საკითხზე საუბრისას.

ბიზნესმენი და საზოგადოებრივი მოძრაობის დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ სახალხო დამცველი არის ანგაჟირებული წარმომადგენელი გარკვეული ძალებისა.

„ქვეყანაში არის სახალხო დამცველი,  სადაც ასობით ათასი ადამიანის უფლების ხელყოფა მოხდა და არ ესარჩლება ამ უფლებებს. ადამიანმა შეიქმნა რეპუტაცია, რომლისადმი დამოკიდებულებასაც ვხედავთ. მე ძალიან კარგად მესმის, რატომ ვერ იწვევს ქალბატონი ნინო ლომჯარია ნდობასა და სიმპათიას ჩვენს მოსახლეობას, არამარტო ეკლესიის წარმომადგენლებში, რადგან დილიდან საღამომდე აკეთებს ისეთ ნაბიჯებს, რომელიც მიმართულია ეკლესიისა და ტრადიციების დანგრევაზე, დისკრედიტაციაზე“ – განაცხადა ლევან ვასაძემ პრესკონფერენციაზე.

მსგავსი თემები