„ჩვენი ბრძოლა სამართლიანია, ვიომებთ და მოვიგებთ ამ ომს“  – რუსთავი 2-ის დამფუძნებლები „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

რუსთავი 2-ის დამფუძნებლებმა – დავით დვალმა, ჯარჯი აქიმიძემ და იურისტებმა „მდიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენცია გამართეს და განაცხადეს, რომ მიუხედევად ყველაფრისა, ტელეკომპანიისთვის დაწყებული ომი მათ სასარგებლოდ დასრულდება. „ადრე თუ გვიან, სტრასბურგში ჩვენ ამ საქმეს მაინც მოვიგებთ“ – ასეთია დამფუძნებლების გზავნილი, რომელიც მათ „მედიაცენტრ მთავარში“ გააჟღერეს.

„ა/წ 14 მაისს იწყება „რუსთავი 2“-ის საქმეზე ტელეკომპანიის დამფუძნებლების მიერ დაახლოებით წლინახევრის წინ შეტანილი სარჩელის განხილვა. ამის პარალელურად ,,რუსთავი 2“-ის მესაკუთრეებმა და მმართველებმა უკვე დაიწყეს ზრუნვა იმაზე, რომ ტელეკომპანიის აქტივები გადასცენ სხვა იურიდიულ პირს, სააქციო საზოგადოება ,,მედია ჰოლდინგს“. მათი მიზანია, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში დამფუძნებლების 60% წილს არ ჰქონდეს ღირებულება, ხოლო აქტივების რეალური მესაკუთრეები კვლავ თავად ან მათთან დაახლოებული პირები იყვნენ“ – განაცხადა ადვოკატმა კახა კოჟორიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ და აღნიშნა, რომ დამფუძნებლები კანონიერი წილის დაბრუნებას ითხოვენ და დაიბრუნებენ კიდეც.  

როგორც კოჟორიძე აცხადებს, ცდილობენ, რომ რუსთავი 2-ის საკუთრება დანაშაულებრივი გზით დამალონ.  

,,რუსთავი 2“-ს გაუუქმეს სამაუწყებლო ავტორიზაცია. ცოტა ხნის წინ, „მედია ჰოლდინგმა“ მოიპოვა მაუწყებლობის განსახორციელებლად საჭირო ავტორიზაცია. პარალელურად, „რუსთავი 2“-მა მიმართა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას საერთო საეთერო სამაუწყებლო არხზე ავტორიზაციის გაუქმების მოთხოვნით. შედეგად, დღეის მდგომარეობით „რუსთავი 2“-ის სახელით მაუწყებლობას ახორციელებს „მედია ჰოლდინგი“.

იგეგმება ,,რუსთავი 2“-ის უძრავ-მოძრავი ქონების სრულად გადაცემა ,,მედია ჰოლდინგისთვის“. აღნიშნულის შესახებ ,,რუსთავი 2“-ის მმართველები საჯარო საუბრობენ.

,,მედია ჰოლდინგის“ წესდების თანახმად, არ არსებობს რაიმე სახის იურიდიული მექანიზმი, ,,რუსთავი 2“-მა გავლენა მოახდინოს ,,პრაიმ ტაიმის“ და, შესაბამისად, ,,მედია ჰოლდინგის“ არასწორ გადაწყვეტილებაზე. ,,მედია ჰოლდინგს“ აქვს 100 აქცია, საიდანაც 10 აქციის მესაკუთრეა ,,რუსთავი 2“, ხოლო 90 აქციის მესაკუთრეა ,,პრაიმ ტაიმი“. წესდების თანახმად, ,,პრაიმ ტაიმს“, როგორც 90% აქციების მესაკუთრეს, აქვს უფლება ერთპიროვნულად მიიღოს ნებისმიერი გადაწყვეტილება, მათ შორის სრულად განკარგოს და გაასხვისოს ,,რუსთავი 2“-ის მიერ ,,მედია ჰოლდინგში“ შეტანილი ქონება.

,,რუსთავი 2“-ის თანამშრომლებს შრომითი კონტრაქტები უკვე ჩანაცვლდა ,,მედია ჰოლდინგის“ შრომითი კონტრაქტებით, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეის მდგომარეობით ისინი აღარ არიან ,,რუსთავი 2“-ის, არამედ ,,მედია ჰოლდინგის“ თანამშრომლები“ – განაცხადა მან „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები