„ცრუ პეტრე“, განხეთქილებისა და ამბოხის შემომტანი“ – მეუფე „ურჩ“ სასულიერო პირებს ვადას აძლევს  

მეუფე სტეფანე, ჭყონდიდის ეპარქიაში მასთან დაპირისპირებაში მყოფ სასულიერო პირებს შენდობისთვის ვადას აძლევს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ზიარების უფლებას აუკრძალავს.

„სასულიერო პირებს, ყველას ვაძლევ ერთკვირიან ვადას, ვინც არის ჩემს იურისდიქციაში, რომ მოინანიონ ღიად და საქვეყნოდ მათი საქციელი. ერთ კვირაში ვინც ამას არ გააკეთებს, ის რაც ჩემზეა დამოკიდებული, მე იმას გავაკეთებ. „ცრუ პეტრეს“ და მის ამფსონებს მე მათ სასულიერო პირებად ვერ ვხედავ. თუ არ მოინანიებენ, ყველაფერი შესაძლოა სხვანაირად მოხდეს. მაგრამ, უკვე ისეთში გადავიდნენ, ზღვარს გადააცილეს. მე ვაყენებ წმინდა სინოდის წინაშე მათ საკითხს“ – აცხადებს ჭყონდიდის ახალი მიტროპოლიტი.   

ის ეკლესიაში ამბოხის შეტანაში ყოფილ მეუფე პეტრეს ადანაშაულებს და მას „ცრუს“ უწოდებს.

„ცრუ პეტრემ გამოაცხადა დაუმორჩილებლობა და განხეთქილება შემოაქვს ეკლესიაში. ეს არის საშინელი დანაშაულია. ეს არის მოწოდება სამღვდელოებისადმი, რომ არ დაემორჩილოს ეკლესიას, არ დაემორჩილოს წმინდა სინოდს და მის განჩინებას. ის არის „ცრუ მღვდელმთავარი“ და განხეთქილებისკენ მომწოდებელი“ – აცხადებს მეუფე სტეფანე.      

შეგახსენებთ, რომ ჭყონდიდის ახალმა მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ ორ დიაკვანს მღვდელმსახურება შეუჩერა. მას შემდეგ ეპარქიაში დაპირისპირება არაერთხელ მოხდა. სასულიერო პირებსა და მრევლის ნაწილს შორის ვითარება ამ დრომდე დაძაბულია.   

მსგავსი თემები