პარლამენტში მინისტრობის კანდიდატების მოსმენა გრძელდება

საქართველოს პარლამენტი მინისტრობის კანდიდატებს დაჩქარებული წესით უსმენს. დეპუტატებმა დრეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატის, ლევან დავითაშვილის სამთავრობო პროგრამა მოისმინეს.

„გარემოსდაცვითი ღონისძიებების მიმართულებით, უკანასკნელ პერიოდში, არაერთი რეფორმა გატარდა; მოხდა დაცული ტერიტორიების გაფართოება; 2012-2020 წლებში, დაცული ტერიტორიების ფართობი 288 539.5 ჰექტარით გაიზარდა. განხორციელდა სატყეო სექტორის რეფორმა და მივიღეთ ახალი  ტყის კოდექსი. ამ მნიშვნელოვანი რეფორმისთვის მოვიპოვეთ უპრეცედენტო საერთაშორისო ფინანსური მხარდაჭერა – კლიმატის მწვანე ფონდმა (GCF) საქართველოს 33 მილიონი ევრო გამოუყო“ – განაცხადა ლევან დავითაშვილმა კომიტეტის სხდომაზე.

მისი თქმით, ჰაერის დაბინძურების შემცირების მიზნით, 2017 წლიდან მოქმედებს საწვავის მაღალი სტანდარტი და კონტროლდება მისი ხარისხი.

„სამრეწველო ობიექტებიდან ჰაერის დაბინძურების შემცირებისა და გამონაბოლქვის კონტროლის ევროპული სისტემის დანერგვის მიზნით, შემუშავდა და საქართველოს პარლამენტმა ორი მოსმენით მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები. დამტკიცდა 2020-2022 წლების ქ. რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმა; 60 მილიონი ლარი დაიხარჯება რუსთავის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. 

განხორციელდა ფუნდამენტური რეფორმა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის სფეროში. ევროპული მოთხოვნების შესაბამისად შემუშავდა და პარლამენტის მიერ 2 მოსმენით მიღებულია „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“  კანონის პროექტი. ჩვენ სრულიად ვცვლით სახელმწიფო კონტროლის ფორმას; ეს იქნება გარემოსთვის ზიანის მიყენების პრევენციაზე ორიენტირებული სისტემა.

ჩამოყალიბდა ნარჩენების მართვის თანამედროვე, ევროპულ პრინციპებთან შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა; მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების დანერგვის მიზნით, მიღებულია ახალი რეგულაციები“ – განაცხადა დავითაშვილმა.

მინისტრობის კანდიდატის თქმით, მომდევნო 4 წლის განმავლობაში,  კიდევ არაერთი მნიშვნელოვან რეფორმას ვიხილავთ.

მსგავსი თემები