“ოფისიდან გასვლას ვაპირებ, შაბათს პანაშვიდზეც უნდა მივიდე” – ნიკა მელია

თუ არ ვცდები 4 თებერვალს განვაცხადე, გირაოს გადახდაზე, რომელიც უკანონოდ და უსამართლოდ დამეკისრა, არ მეკუთვნის და არ გადავიხდი-მეთქი და დღეს 18 თებერვალია და მგონია, უნდა გაიგოს ხელისუფლებამ, რომ უსამართლობის შეგუებას არ ვაპირებ,– ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, არც გირაოს გადახდას და მითუმეტეს, არც ციხეში წასვლას არ აპირებს.

„ვმუშაობ, ვცხოვრობ, მანამდეც არაერთი ღამე გამითენებია ამ ოფისში, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, რომ ნორმალურად იმუშაო. ვითარება არაა ორდინალური, რაღა დაგიმალოთ, ტყუილს რატო გაკადრებთ, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ მივიღებ მონაწილეობას იმ აქტივობებში, რომელიც გაიმართება ოფისის მიღმა.

არამარტო რუსთაველის დაგეგმილ აქციაზე, იქნება ეს გლდანში თუ თბილისის სხვადასხვა რაიონში. ვაპირებ პოლიტიკურ აქტივობებში მონაწილეობას, შაბათს პანაშვიდზეც უნდა მივიდე. ოფისიდან გასვლას ვაპირებ და ამას ვერავინ დაუდგება წინ, ღარიბაშვილი თუ ფარცხალაძე, ვინც არ უნდა დაინიშნოს,” – განაცხადა ნიკა მელიამ.

მსგავსი თემები