“ის, რომ მცხეთა უნდა გაერთიანდეს თბილისის აგლომერაციაში, ამის კონკრეტული რუკა დევს” – დიმიტრი ხუნდაძე მაია ცქიტიშვილს

“ის, რომ მცხეთა უნდა გაერთიანდეს თბილისის აგლომერაციაში, ამის კონკრეტული რუკა დევს – მოგვეცით პირობა, რომ ეს გვერდი, თავისი რუკით დოკუმენტში არ იარსებებს”, – აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის მოსმენისას გააკეთა.

ხუნდაძემ მცხეთის გენერალური გეგმა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ 6-წლის თავზე დასამტკიცებლად დევს დოკუმენტი, სადაც ყველას ინტერესია გათვალისწინებული, გარდა მოსახლეობისა.

„მოსახლეობის ინტერესი წარდგენილ დოკუმენტში არ იძებნება. თუკი ვინმე დამეხმარება, რომ ეს ინტერესი მაპოვნინოს, მე დიდად კმაყოფილი ვიქნები. რაც შეეხება ადმინისტრაციული შემადგენლის მცხეთიდან გატანას და ის, რომ მცხეთა უნდა გაერთიანდეს თბილისის აგლომერაციაში, ამის კონკრეტული რუკა დევს. მახსოვს, როცა ავტორები ზეპირსიტყვიერად ამის პრეზენტაციას აკეთებდნენ, თქვენი უკმაყოფილებაც იყო. ისინი შეგვპირდნენ, რომ რუკას დოკუმენტიდან ამოიღებდნენ, მაგრამ დოკუმენტში ისევ დევს. მოგვეცით პირობა, რომ ეს გვერდი, თავისი რუკით დოკუმენტში არ იარსებებს! დღეს ეს არსებობს და დოკუმენტი მუნიციპალიტეტში არის შეტანილი. ეს კონცეფცია ამ ფორმით არის თუ არა მისაღები?“ – მიმართა ხუნდაძემ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს.

როგორც მაია ცქიტიშვილმა პლენარულ სხდომაზე ხუნდაძის პასუხად განაცხადა, მცხეთის გენგეგმის კონცეფციის ჩანაფიქრი არ არის და ვერ იქნება მცხეთიდან ადმინისტრაციული ფუნქციის გადატანა სხვა დასახლებაში.

მსგავსი თემები