ჯო ბაიდენმა 1.9 ტრილიონი დოლარის ღირებულების ეკონომიკის სტიმულირების გეგმა წარადგინა

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებული ამერიკის ეკონომიკის გადასარჩენად 1.9 ტრილიონი დოლარის ღირებულების ეკონომიკის სტიმულირების გეგმა წარადგინა. კონგრესის მიერ დოკუმენტის მხარდაჭერის შემთხვევაში, მოქალაქეები დახმარების სახით დამატებით 1400 აშშ დოლარს მიიღებენ. მცირე ბიზნესის წარმომადგენლებისთვის კი, 440 მილიარდი დოლარი იქნება გათვალისწინებული.

გეგმის მიხედვით, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლას 415 მილიარდი დოლარი მოხმარდება. მათ შორის 20 მილიარდი დოლარი ამერიკელების მასშტაბურ ვაქცინაციასა და ამ მიზნით, რთულად მისადგომ ადგილებშიც კი, ვაქცინაციის პუნქტების მოწყობისთვის იქნება გამოყოფილი. არჩეული პრეზიდენტი მოქალაქეებს ჰპირდება, რომ მისი პრეზიდენტობის პირველ 100 დღეში, 100 მილიონი აცრა გაკეთდება. მომავალი პრეზიდენტის წარდგენილი გეგმით, 50 მილიარდი დოლარი ვირუსის ტესტირებას, 130 მილიარდი კი, გაზაფხულისთვის სკოლების გახსნის საკითხზე იქნება მიმართული.

რაც შეეხება ეკონომიკის ხელშეწყობას ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით 11 მილიონი უმუშევარი პირი ყოველკვირეულად 300 დოლარის ნაცვლად, 400 დოლარს მიიღებს. პირდაპირი დახმარების სახით კი ოჯახები, უკვე არსებული 600 დოლარის გარდა, დამატებით 1400 დოლარს მიიღებენ. ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაცია ასევე გეგმავს მიმართოს კონგრესს და მინიმალური საათობრივი ანაზღაურება 15 დოლარით განისაზღვროს.

ბაიდენის ამბიციურ გეგმას კონგრესი დიდი ალბათობით მხარს დაუჭერს, ვინაიდან საკანონმდებლო ორგანოს ორივე პალატაში უმრავლესობით ამჟამად დემოკრატები არიან წარმოდგენილი.

მსგავსი თემები