“მე არ ვიქნები „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, აღარ ვაპირებ კონსულტაციების მიცემას” – ბიძინა ივანიშვილი  

„მე არ ვიქნები „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, არ მექნება პოლიტიკური კონსულტაციები და საჯარო განცხადებები, მაქსიმალური მოქალაქეობრივი აქტიურობა იქნება არჩევნებზე მისვლა აღარ ვაპირებ გუნდისთვის კონსულტაციების მიცემას და გუნდის წევრებმა ეს ძალიან კარგად იციან“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში, გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“ განაცხადა.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, თავის წერილში განცხადება, რომ უბრუნდება 2011 წლამდე მდგომარეობას, შეგნებულად გააკეთა.

„აღარ ვაპირებ გუნდისთვის კონსულტაციების მიცემას და გუნდის წევრებმა ეს ძალიან კარგად იციან. რამდენიმე საბჭო გვქონდა პარტიაში, მის წევრებთან თვეების განმავლობაში მქონდა საუბარი წასვლის შესახებ. მაქსიმალურად ვახსენებდი, თუ რადგან სიტყვას არ დავარღვევ, საჯაროდ ვიტყვი, რომ ყველანაირი კონსულტაციები შეწყდება პოლიტიკურ თემაზე“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, გუნდის წევრებთან ურთიერთობები გაგრძელდება ყოფით დონეზე, მაგრამ არა პოლიტიკურ თემებზე.

„როდესაც გავიხსენე 2011 წელი, მხედველობაში მქონდა, რომ მე საჯაროობას ვწყვეტ და ალბათ ბოლო ინტერვიუ იქნება თქვენთან. რამდენიმე უცხოურ მედიას აქვს სურვილი გუშინდელი განცხადების შემდგომ და შეიძლება, ხვალ-ზეგ ეს გავაკეთო და ამის შემდგომ ვუბრუნდები ჩემს ცხოვრებას, რომელიც მე ძალიან მომწონდა და მომწონს დღესაც. არც მხარდამჭერი არ ვიქნები „ქართული ოცნების“, ჩემი მაქსიმალური მოქალაქეობრივი აქტიურობა იქნება არჩევნებზე მისვლა და იქ ჩემი პოზიციის დაფიქსირება. არანაირი ინტერვიუ, არანაირი საჯარო განცხადება, არანაირი დარეკვა რომელიმე გუნდის წევრთან, შენიშვნის მიცემა, რომ აი, შენ ეს კარგად არ გააკეთე ან არ გამოგივიდა. მე ეს რამდენჯერმე გამეორებული მაქვს გუნდთან, რომ ნუ დაელოდებით ჩემგან შენიშვნებს, ნუ აკადრებთ თქვენ თავს და ნუ მაკადრებთ მე, ნუ დამირეკავთ კონსულტაციებისთვის. აი, ეს არის განსხვავება, რაც იყო ადრე და რაც არის დღეს. ადრეც როგორც ვამბობდი და ისე ვაკეთებდი, დღესაც ვარწმუნებ საზოგადოებას, რომ როგორც ვამბობ, ასე შევასრულებ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მსგავსი თემები