“გვაქვს ინფორმაცია, რომ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ამზადებენ ყალბ ვიდეომასალებს” – ირაკლი კობახიძე

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ამომრჩეველს სიფრთხილისკენ მოუწოდებს და სთხოვს, მაქსიმალური სიფრთხილით მოეკიდონ ტელევიზიით თუ სოციალური ქსელებით გავრცელებულ ნებისმიერ ინფორმაციას, რათა დეზინფორმაციის გავლენის ქვეშ არ მოექცნენ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, რადიკალური ოპოზიცია მასალებს ამზადებს ისეთი პროგრამების გამოყენებით, რომლითაც ადამიანის ვიდეოგამოსახულების გაყალბება არის შესაძლებელი. მისივე განმარტებით, ამგვარი ვიდეომასალები სოციალურ ქსელში შესაძლოა არჩევნების წინა ან არჩევნების დღეს გამოქვეყნდეს. 

“ამომრჩეველს ვთხოვთ, მაქსიმალური სიფრთხილით მოეკიდონ ტელევიზიით თუ სოციალური ქსელებით გავრცელებულ ნებისმიერ ინფორმაციას, რათა არ მოექცნენ დეზინფორმაციის გავლენის ქვეშ, რისი ტირაჟირების ინტენსივობა უკანასკნელი კვირების განმავლობაში დღითიდღე იზრდება.

გვაქვს ინფორმაცია, რომ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ამზადებენ მასალებს ისეთი პროგრამების გამოყენებით, როგორიცაა მაგალითად Deepfake. შეგახსენებთ, რომ ამგვარი პროგრამების მეშვეობით ადამიანის ვიდეოგამოსახულების გაყალბებაც კი არის შესაძლებელი.

ამგვარი მასალები სოცქსელებში შეიძლება განთავსდეს არჩევნების წინა დღეს, ან არჩევნების დღეს, რასაც ამომრჩეველი განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოეკიდოს. მიზანი არის მორიგი ფეიკნიუსის, დეზინფორმაციის გავრცელება, უკვე ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით.

ნებისმიერი რამ შეიძლება იყოს, მაგალითად შეიძლება “ქართული ოცნების რომელიმე წარმომადგენელი ვიდეოგამოსახულება შეიძლება დაედოს, სადაც “ქართული ოცნების” წარმომადგენელი ამბობს იმას, რასაც რეალურად არ ამბობს. რა შეიძლება იყოს ეს კონკრეტულად, შინაარსობრივად, ეს მე არ ვიცი. შეიძლება მე ვიყო, შეიძლება ბიძინა ივანიშვილი იყოს, შეიძლება იყოს კახი კალაძე, გიორგი გახარია და ა.შ. ნებისმიერი ადამიანის არა მარტო საუბრის, არამედ – ვიდეოგამოსახულების გაყალბება შეიძლება. მეტი დეტალი არ ვიცით,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები